ფეხბურთი

3:07 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ნაპოლი" ბრუნდება, ფეხბურთელებს წაგების მიუხედავად პრემიას მივცემ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ყველაფერი გაიღო და „ნაპოლი“ ბრუნდება.

რაც მთავარია, წაგების მიუხედავად, დე ლაურენტისი გუნდს პრემიას მაინც გადაუხდის, რაც თამაშამდე მოგების შემთხვევაში დაჰპირდა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, გასახდელში შევედი, სადაც ბიჭებს მადლობა გადავუხადე, რადგან ბევრი რამ გაიღეს. მათზე პირობა მქონდა მიცემული, რომ თუ მოვიგებდით, პრემიას მივცემდი და ახლა ვუთხარი, რომ მაინც მივცემ. დაამტკიცეს, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ვწუხვარ ფანების გამო, რადგან როდესაც აგებ, სინანული არსებობს.

ვხედავ, რომ „ნაპოლი“ იზრდება და სწორ გზაზეა. ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, ორს კიდევ ვიყიდით. დაბრუნდებიან ოლივერა, ანგისა და ოსიმენი. ფანებს ვეტყვი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, „ნაპოლი“ ბრუნდება.

მოხარული ვარ, რომ საუდის არაბეთში ჩამოვედი. თავიდან ამ ტურნირის აქ ჩატარებას ვაპროტესტებდი, რადგან კალენდარს ხელს უშლიდა, მაგრამ სანამ აქ ჩამოვიდოდი, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გარდაიქმნა ეს ქვეყანა ასე სწრაფად. ირგვლივ მიმოვიხედე და ვთქვი, რომ 1-2-3 წელიწადში ეს ქვეყანა სამყაროს ცენტრი იქნება. ფეხბურთს არაბეთში რეკლამისთვის კარგად იყენებენ, მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლებენ, ეს არის ქვეყანა, რომელმაც საოცრად მომხიბლა და ფეხბურთის გარეშეც აქ დავბრუნდები.

მსაჯობა? შემიძლია გავბრაზდე, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ არის და აზრიც არ აქვს. მსაჯების შეცდომებით არა მხოლოდ „ნაპოლი“ დაზარალდა, ყველაფერი ნათელია, მსაჯების მუშაობა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, ფაქტია, რომ რაღაც არ მუშაობს“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114449