სტაბილური და შედეგიანი თამაშით ბექა ბურჯანაძემ ესპანური “კორუნა ბასკეტის” სასტარტო ხუთეულში ადგილი დაიმსახურა. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგაში, რომელსაც LEB Gold ეწოდება, ქართველი ფორვარდის გუნდი ერთ-ერთი ლიდერია. გასულ ტურში, 20 იანვარს, გალიციური კლუბი სტუმრად, კანტაბრიას ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 (სტატისტიკა) სძლია. აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელიც მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი იყო, ორმაგი დუბლი რომ შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ის ძირითადად ფარქვეშ ბრძოლებში იყო დაკავებული. მასზე მეტოქეები 5-ჯერ დაჯარიმდნენ და ყველა წესის დარღვევა სასროლი გამოდგა. შესაბამისად, ბექამ 10 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთაგან 8 ჩააგდო. თამაშიდან კი ქართველი ფორვარდი შედარებით მოკრძალებული გახლდათ და 5 ცდიდან მხოლოდ 1 ტყორცნა ჩააგდო. შედეგად, ბექამ 10 ქულა მოაგროვა, რასაც 12 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა.
საერთო სარგებლიანობის ინდექსით ბურჯანაძე თავის გუნდში მეორე იყო. საუკეთესო გორან ჰუკიჩი გახლდათ, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ბალკანელის სარგებლიანობის ინდექსმა 26 შეადგინა, ბურჯანაძისამ კი – 19.
14 მოგებითა და 4 მარცხით კორუნა ბასკეტი მე-2 ადგილზეა. ესტუდიანტესს 14 მოგება და 3 მარცხი აქვს, რომელიც დღეს რეალ ბეტისს ეთამაშება.
GBF.GE