ფეხბურთი

3:14 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" "რეალი" ესპანეთის თასიდან გააგდო

მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალთან“ რამდენიმე დღის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. დიეგო სიმეონეს გუნდმა „სამეფო კლუბი“ ესპანეთის თასის მერვედფინალში დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა.

„როხიბლანკო“ 39-ე წუთზე სამუელ ლინოს გოლით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს იან ობლაკის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა. მეორე ნახევარში მასპინძლები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, ამჯერად ალვარო მორატას გოლით, მაგრამ 82-ე წუთზე ხოსელუმ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

„ატლეტიკომ“ უპირატესობის მოპოვება ისევ მოახერხა. ანტუან გრიზმანმა მე-100 წუთზე მესამედ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო შეხვედრის მიწურულს როდრიგო რიკელმემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მადრიდული დერბი სიმეონეს გუნდმა 4:2 მოიგო, ხოლო „რეალი“ სამეფო თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მეოთხედფინალში გავიდა „ბარსელონაც“, რომელმაც მე-4 დივიზიონის ბინადარი „უნიონისტას დე სალამანკა“ 3:1 დაამარცხა.

ჩავის გუნდმა 31-ე წუთზე გოლი გაუშვა და მარცხდებოდა, თუმცა სიტუაციის შეცვლა მოახერხა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ფერან ტორესმა გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი, კატალონიელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. თავი ჯერ ჟულ კუნდემ გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში ალეხანდრო ბალდემ დააფიქსირა.

0.138543