საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად რიჩარდ კოკერილის დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბევრი კანდიდატურა განიხილეს, მაგრამ საბოლოოდ საუკეთესო არჩევანი გააკეთეს.
იოსებ ტყემალაძე: „ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. განვიხილეთ არაერთი კანდიდატურა, ორჯერ ვიმსჯელეთ გამგეობაზე, რადგან ჩვენთვის ქართული რაგბის ვინმესთვის ჩაბარება საკუთარი სისხლის გაღების ტოლფასია. ვფიქრობ, კოკერილის ასაკიდან, გამოცდილებიდან და შემართებიდან გამომდინარე საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. არჩევანის გაკეთებამდე გავითვალისწინეთ მისი რეკომენდატორები, რომლებიც გამგეობაშიც გვყავს და რიჩარდის შეფასებისას მათგან მხოლოდ პოზიტივი გვესმოდა.
დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმარი ყავს, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) თავმჯდომარე ბატონი დომინიკ მაკქეი, რომელსაც რიჩარდთან ერთად ‘ედინბურგში’ არაერთი წელი უმუშავია და შოტლანდიური რაგბი მისი გარჯით ძალიან კმაყოფილია. იმედია ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მორაგბეებიც სიხარულით შეხვდებიან და ქართული ხასიათის სირთულეების მიუხედავად, ახალ მწვრთნელს კარგად შეეწყობიან. ყველა მომდევნო მწვრთნელთან ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ისტორიული გამარჯვებები ჯერ შეინარჩუნოს და მერე გააუმჯობესოს.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ლევან მაისაშვილს. მას ზეგ ძალიან დიდი გამოცდა აქვს და მჭიდრო ურთიერთობაშია რიჩარდ კოკერილთან. ის გააგრძელებს რაგბის კავშირთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, ნაკრებიც და ‘შავი ლომიც’ რიჩარდის ხელშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ლევანის დროს იყო. მინდა რიჩარდს ხმამაღლა ვუთხრა – მთელი ქვეყანა და პირადად რაგბის კავშირის პრეზიდენტი მის გვერდშია. ჩვენ გვაქვს მისი მაღალი ნდობა, ჩვენი ყველასათვის საყვარელი კვართი მის ხელშია და გვჯერა, გუნდურობა და ერთობა აუცილებლად მოიტანს არაერთ დიდ გამარჯვებას.
ერთი წელი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი არაა, თუმცა ამ პერიოდში შეგვიძლია ვნახოთ როგორ შეეწყობა ის გუნდს, ბიჭებს, რაიმე სისტემური ხარვეზი ხომ არაა და ამის შემდეგ მივიღებთ კონტრაქტის გახანგრძლივების, ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ზაფხულსა და ნოემბერში რთული ტესტები გვექნება და გამარჯვების ამბიციაც გვაქვს, თუმცა ფოკუსი 4-წლიან ციკლში მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე კეთდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ვინმესთან რამეს დავთმობთ“.
შეგახსენებთ, რომ რიჩარდ კოკერილსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის 1+3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.