რაგბი

20:25 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კლერმონი" – მრავალგზის ფინალისტი თბილისში

20 იანვარს ‘შავი ლომი’ მისთვის პირველი, ისტორიული ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს.

ქართული ფრეჩაიზის მეტოქე 113 წლის ფრანგული გრანდი ‘კლარმონი’ იქნება. „მიხეილ მესხზე“ შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის სტადიონზე საზეიმო ღონისძიებები 13 საათიდან დაიწყება და მატჩის დასრულების შემდეგ გაგრძელდება. იქნება კონცერტები და სიურპრიზები.

კლერმონი – გრანდი საფრანგეთიდან

კლუბი 1911 წელს მარსელ მიშლენმა დააარსა, რომელიც საბურავების მწარმოებელი ფირმის – Michelin-ის დამფუძნებლის, ანდრე მიშლენის შვილი იყო. რაგბი მულტიფუნქციური სპორტული კლუბის ერთ-ერთ სექციას წარმოადგენდა. კლუბს 1919 წლამდე AS Michelin-ი ეწოდებოდა, თუმცა იურიდიული ვალდებულებებიდან გამომდინარე ის AS Montferrandaise-დ გადაკეთდა.

შეიძლება ითქვას, რომ ‘კლერმონი’ მსოფლიოში ყველაზე უიღბლო გუნდია. „ვულკანებს“ ყველაზე მეტი ფინალი აქვთ წაგებული – ჯამში 24. ისინი 14-ჯერ იყვნენ ტოპ 14-ის (და მისი წინამორბედის) ფინალში და გაიმარჯვეს მხოლოდ ორში – 2010 და 2017 წლებში. სამჯერ წააგეს ჩემპიონთა თასის (2013, 2015, 2017) და ერთხელ ჩელენჯ თასის (2004) ფინალი, თუმცა სამჯერ გახდნენ ჩელენჯ თასის გამარჯვებულები – 1999, 2007 და 2019 წლები), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ‘კლერმონის’ მსგავსად 3-ჯერ აქვს მოგებული ჩელენჯ თასი ინგლისურ ‘ჰარლიქუინსს’.

ადრეულ პერიოდში ‘კლერმონმა’ 3-ჯერ მოიგო (1938, 1976, 1986) შიდა ტურნირი Challenge Yves du Manoir-ი და 6-ჯერ დათმო (1935, 1957, 1972, 1979, 1985, 1994) ფინალი. 2001 წელს გახდა საფრანგეთის თასის მფლობელი, ორჯერ კი ფინალში (1945, 1947) დამარცხდა.

დაარსების დღიდან გუნდი საშინაო შეხვედრებს „სტად მარსელ-მიშლენზე“ ატარებს, რომელიც რამდენჯერმე განახლდა და ამჟამად 19 357 მაყურებელს იტევს. მისი სათამაშო ფორმის ფერებია ყვითელი და ლურჯი.

აღსანიშნავია, რომ ‘კლერმონის’ ბოლო 25 წლის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ ლეგიონერებს. პირველი გუნდის რიგებში არაერთ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. ესენი არიან: დავით აშვეთია, ლევან ცაბაძე, გოდერძი შველიძე, დავით ზირაქაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, ბექა კაკაბაძე, ვიტო კოლელიშვილი, ოთარ გიორგაძე და გიორგი ძმანაშვილი (რომელიც ახლაც ამ გუნდის წევრია). ‘კლერმონის’ შერკინების მწვრთნელი იყო ზირაქაშვილი, კოლელიშვილი კი 18-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს.

მოცემული მომენტისთვის, ‘კლერმონს’ ტოპ 14-ში 26 ქულა აქვს (5 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი) და მე-9 ადგილზე, ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში კი, ორი მოგებითა და 10 ქულით, სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. ‘კლერმონმა’ ბონუსით დაამარცხა ‘ედინბურგი’ (31:18) და ‘სქარლეთსი’ (38:17), ‘გლოსტერთან’ კი სტუმრად 17:28 დამარცხდა.

RUGBY.GE

0.11659