„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ახლა გუნდი მხოლოდ ამ თამაშზე ფიქრობს.
„იმედი და სურვილი მაქვს, რომ „სალერნიტანასთან“ გამარჯვება მენტალურად დაგვეხმარება. „ფიორენტინამ“ სერია A-ში „ნაპოლი“ დაამარცხა, ამიტომ, საჭიროა შესაბამისი ზომები მივიღოთ, რომ თამაში სწორი მენტალიტეტით ვითამაშოთ.
ამჟამად გუნდზე სატრანსფერო ფანჯარას არანაირი გავლენა არ აქვს. მხოლოდ სუპერთასზე ვართ ორიენტირებული, მინდა, რომ მომავალ მატჩში ყველაფერი გავაკეთოთ. შაბათს მოპოვებულმა გამარჯვებამ ბიჭებს მეტი თავდაჯერება და სიმშვიდე შესძინა. ეს გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა დავიბრუნოთ მორალი, რომელიც ბოლო პერიოდში დავკარგეთ.
კაიუსტემ შეიძლება ითამაშა, ჟიელინსკი უკეთაა, შევაფასებთ მის მდგომარეობას. დემეს ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ არ უვარჯიშია და ხვალ ვერ ითამაშებს. 2012 წელს წაგებული სუპერთასის ფინალი? განსაკუთრებული მატჩი იყო, მაგრამ წარსულზე არ მინდა ვისაუბრო. მრავალი წელი გავიდა, „ნაპოლიმ“ მას შემდეგ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა წინ, ყოველ წელს ევროთასებზე თამაშობს, სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვართ ორიენტირებული.
შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია, რაღაცები უნდა შევაფასო და ხვალ გადავწყვეტ. „ფიორენტინასთან“ მიმდინარე სეზონში წაგებულ მატჩში გუნდში მე არ ვყოფილვარ და არ არის ჩემთვის სასიამოვნო იმ მომენტებზე საუბარი, როცა გუნდში ჩემი კოლეგა მუშაობდა. ვნახე ეს მატჩი და ცუდი მარცხი იყო. ვცდილობ გავიგო, რა ტიპის გადაწყვეტილებების გამოყენება შეგვიძლია გარკვეულ სიტუაციებში“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.