„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კიდევ ორ ფეხბურთელს შეიძენს.
ნეაპოლელებმა უკვე იყიდეს პასკუალე მაძოკი, გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა ჰამედ ტრაორემ, რომელიც კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო სირილ ნგონჟეს ტრანსფერიც გადაწყვეტილია. ამას გარდა, დე ლაურენტისი ფანებს კიდევ ორ ახალწვეულს დაჰპირდა.
„ნაპოლი“ სწორ გზაზე უნდა დაბრუნდეს, ისევ გვინდა გამარჯვება. გვესმოდა, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ რესტარტი საჭირო იყო. ამას ახლა ვაკეთებთ, ეს არის ოპერაცია, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს. საჭიროა ფუნქციური მოთამაშეები აწმყოსთვის და ასევე მომავლისთვის. 2004 წლიდან დღემდე ვაჩვენეთ, რომ „ნაპოლიში“ შეგიძლია იყო გამარჯვებული, გვინდა ასე გავაგრძელოთ. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარზე, კიდევ ორ ფეხბურთელს დავიმატებთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 18 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.