ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 80:83 დამარცხდა.
კანარიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო პერიოდი 4 ქულით დათმეს, გადამწყვეტი ქულები ბოლო წამზე მიიღეს და საბოლოოდ თამაშიც წააგეს.
გიორგი შერმადინს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, როგორც ქულებით, ისე მოხსნებით. ქართველმა ცენტრმა 28 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 14-დან 10 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.
„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 9 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 იანვარს, „ობრადოიროს“ სტუმრად დაუპირისპირდება.