ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ ანასტასია ევროპის ჩემპიონი გახდა, ამჯერად ტიტული ვერ შეინარჩუნა, მაგრამ მეორე ადგილი მაინც დაიკავა, რაც ასევე შესანიშნავი შედეგია.
მოკლე პროგრამაში აღებული 68.96 ქულით გუბანოვა მესამე ადგილზე იყო, დღეს კი, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა მიიღო, ჯამში 206.52 ქულა დაუგროვდა, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ნიშანდობლივია, რომ შარშან ანასტასია ევროპის ჩემპიონი უფრო დაბალი ქულებით გახდა (199.91), მაგრამ ამჯერად უფრო მეტი ქულა მხოლოდ ვერცხლისთვის ეყო.
დღესვე იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელმაც ჯამში 140.66 ქულით 21-ე ადგილის დაკავება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მანამდე ვერცხლის მედალი წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.