მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის „იუვენტუსს“ მე-400-ედ უხელმძღვანელა. ფეხბურთელებმა მაქსს საიუბილეო თამაში დაუფასეს და იტალიის თასის მეოთხედფინალში „ფროზინონე“ 4:0 გაანადგურეს.
ალეგრი „იუვეს“ სათავეში 2014 წლის ზაფხულში ჩაუდგა და 2019 წელს პოსტი დატოვა, თუმცა, ორი წლის მერე გუნდში დაბრუნდა. ალეგრიზე მეტჯერ „იუვენტუსი“ მხოლოდ ორ ადამიანს გაუწვრთნია - ჯოვანი ტრაპატონის (596 მატჩი) და მარჩელო ლიპის (405). ალეგრი ლიპის სულ მალე გადაასწრებს, ტრაპატონიმდე კი ჯერაც დიდი მანძილია.
„იუვეს“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ ალეგრის შეუძლია 600-700 მატჩიც ჩაატაროს ტურინული გრანდის თავკაცის რანგში.
„წმინდა მონსტრია, ვამაყობთ, რომ მასთან ვმუშაობთ. მიაღწევს თუ არა 500 მატჩს? რატომაც არა? შეუძლია 600 ან 700 მატჩსაც მიაღწიოს, მას საზღვარი არ აქვს“, - თქვა ჯუნტოლიმ.
ალეგრიმ ჯუნტოლის ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა: „მადლობა ბიჭებს, შესანიშნავი თამაში ჩაატარეს. მადლობა ფანებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და დირექტორს, რომელიც როგორც ჩანს, ძალიან მენდობა, თუ თქვა, რომ 600-700 მატჩს მივაღწევ, მაგრამ ახლა მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობ“.
მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსს“ 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.