ფეხბურთი

23:50 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლეონარდო ბონუჩი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელია

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა. 36 წლის მცველმა „უნიონ ბერლინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თურქეთს მიაშურა.

ბონუჩი „ფენერის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს და 6 თვის განმავლობაში ხელფასის სახით 2.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მან 19-ნომრიანი მაისური მოირგო.

ბონუჩიმ „უნიონი“ ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვა, სადაც 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ლეონარდოს ევროპის ჩემპიონატისთვის იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვედრა სურს, ამიტომ, მუდმივად თამაში სჭირდება და „ფენერბაჰჩეში“ გადასვლის მიზეზიც დიდწილად ესაა.

ბონუჩის კარიერაში „ინტერის“, „ტრევიზოს“, „პიზას“, „ბარის“ და „მილანის“ ღირსებაც დაუცავს, საუკეთესო პერიოდი კი 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ გაატარა, რომლის მაისურით ჩატარებულ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ბონუჩის 121 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.117537