სხვა

22:35 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

29 გოლი, ბრძოლა და მარცხი ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში (+VIDEO)

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა. გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ქართველი ხელბურთელები ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდნენ და მარცხი განიცადეს.

მეტოქე გამოკვეთილი ფავორიტი იყო და მათი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. სასტარტო წუთებში საქართველოს ნაკრებს მღელვარება ეტყობოდა, რის გამოც რამდენიმე წუთი გოლიც ვერ გაიტანა, მაგრამ შემდეგ მოახერხა დამშვიდება და თამაშში შესვლა. საქართველოს ისტორიაში პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატზე ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზეა.

პირველ ტაიმში მეტოქე 4-5 ბურთიან უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ტაიმის ბოლო ნაწილი ჩაგვივარდა, რის შედეგადაც შესვენებაზე ნიდერლანდელთა უპირატესობა გამოიკვეთა - 19:12.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, საბოლოოდ კი, 29:34 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში 29 გოლის გატანა სულაც არ არის ადვილი საქმე, მით უფრო საქართველოს ნაკრების კალიბრის გუნდისთვის.

ცუდი ისაა, რომ მატჩის ბოლოს გიორგი ცხოვრებაძემ და ერეკლე არსენაშვილმა ტრავმები მიიღეს. მათ მოედანი კოჭლობით დატოვეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, მაგრამ ვინაიდან კალენდარი მჭიდროა, ეს ამბავი მართლაც შემაშფოთებელია.

სწორედ ცხოვრებაძე და არსენაშვილი იყვნენ საუკეთესოები ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. ცხოვრებაძემ 14 დარტყმიდან 9 გოლი გაიტანა, არსენაშვილს სულაც 100%-იანი შედეგი ჰქონდა: 7 დარტყმა და 7 გოლი. 6 გოლით გამოირჩა თემურ ორჯონიკიძე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელიც ამავდროულად მატჩის საუკეთესო გოლეადორიც გახდა. სხვათა შორის, ნიდერლანდელთა შორის, ყველაზე შედეგიანი 6-6 გოლით რუტგერ ტენ ველდე და დანი ბაიენსი იყვნენ.

ტიტე კალანდაძის გუნდი მეორე ტურში 13 იანვარს შვედეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო ბოლო ტურში 15 იანვარს ბოსნიას ეთამაშება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა, შესაბამისად 12 ნაკრები შემდეგ ორ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან, საიდანაც უკვე ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში ითამაშებენ.

ნიდერლანდები - საქართველო 34:29 (19:12)

საქართველო: ცხოვრებაძე (9 გოლი), არსენაშვილი (7), ორჯონიკიძე (6), რუსტამოვი (3), ლაპიაშვილი (1), კბილაშვილი (1), დიხამინჯია (1), ნიქაბაძე (1).

0.113358