ფეხბურთი

19:00 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილი "სპეციაზე", საქართველოს ნაკრებზე, იტალიაში ადაპტაციაზე და სხვა...

„სპეციას“ და საქართველოს ნაკრების მცველმა ივა გელაშვილმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თემებზე ისაუბრა.

გელაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრესს განიცდის და სჯერა, რომ სეზონის მეორე ნაწილი უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი იყო.

- „კომოსთან“, „კრემონეზესა“ და „პიზასთან“ მომდევნო მატჩები შეიძლება „სპეციასთვის“ გადამწყვეტი იყოს. რას ფიქრობთ?

- ვგრძნობთ ამ მატჩების მნიშვნელობას და ძალიან მკაფიოდ ვართ იმაზე კონცენტრირებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ. თუმცა, ჩვენთვის ყველა მატჩი ფუნდამენტურია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი შევცვალოთ და ვიბრძოლოთ. ყველა მეტოქის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ, ალიბისა და შიშის გარეშე, რათა ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები და უკეთესი მომავალი დავწეროთ.

- ადგილის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება...

- ყველაფერი შესაძლებელია. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და გვაქვს შანსი, რომ სერია B-ში ადგილი შევინარჩუნოთ, დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველაფერი გვაქვს. ახლა ახალი ჩემპიონატი იწყება და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, გვაქვს კარგი უნარები, უბრალოდ ისინი უნდა წარმოვაჩინოთ.

- ენის პრობლემა არსებობს? გესმით იტალიური ენა? ვისთან გაქვთ ყველაზე ახლო ურთიერთობა თანაგუნდელებში?

- ახლა ბევრი რამ მესმის იტალიურად, თანაგუნდელებთან მაქსიმალურად ვცდილობ იტალიურად ვისაუბრო, რადგან გუნდში კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოედანზე, ამიტომ ძირითადი ტერმინები ვისწავლე რაც მჭირდება თამაშის დროს. მოედნის მიღმა ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ვცდილობ იტალიურადაც და ინგლისურადაც ვისაუბრო. მყავს იტალიურის მასწავლებელი, რომელთანაც ბევრს ვმუშაობ. ზოგადად, ყველა თანაგუნდელთან მაქვს კარგი ურთიერთობა.

- ეროვნულ ნაკრებში გამოძახება...

- ოცნება ამიხდა. საქართველოს ნაკრები ვითარდება და მის შემადგენლობაში ყოფნა დიდი პრივილეგიაა.

- 5 მატჩი ითამაშეთ, სულ 221 წუთი. მეტს ელოდით იტალიაში?

- ვფიქრობ, აქ მოსვლის შემდეგ პროგრესი მაქვს, მაგრამ არასდროს ვარ კმაყოფილი, მინდა ყოველდღიურად მოვუმატო. მინდა, დავაფასო ის ნდობა, რომელიც კლუბმა გამომიცხადა, ყოველთვის ვცდილობ ჩემს საზღვრებს გავცდე და ჩემი წვლილი შევიტანო გუნდში.

- რა ემოცია დაგეუფლათ, როცა გოლი გაიტანეთ და ანგარიში გაათანაბრეთ თავდამსხმელის სტილში?

- ბავშვობა თავდამსხმელი ვიყავი, ამიტომ, გარკვეული თვისებები შემომრჩა და საბედნიეროდ, „მოდენასთან“ მატჩში ეს გამომადგა. ძალიან კმაყოფილი ვარ გოლით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი იყო, არამედ გადამწყვეტ მომენტში გავიტანე ჩემი შეცდომიდან რამდენიმე წუთში, როდესაც პენალტი ავიკიდე. გოლის შემდეგ ენით აღუწერელი ემოციები ვიგრძენი.

- ვიცით, რომ კვარაცხელიასთან მეგობრობთ. რა რჩევა მოგცათ?

- წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ სერია A-ში მელოდება.

- როგორია შთაბეჭდილებები კლუბზე, ქალაქსა და ფანებზე?

- ძალიან მომწონს ქალაქი და ხალხი, აქ ძალიან სასიამოვნოა. მინდა ფანებს ბოდიში მოვუხადო ამ სეზონში ცუდი შედეგების გამო, რადგან კარგად ვიცი, რამდენად უყვართ გუნდი და როგორ იტანჯებიან, როცა შედეგები არ არის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რასაც ჩვენ და ისინიც ელოდნენ, მაგრამ ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება. მადლობას ვუხდი მათ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, მათ შორის, რთულ მომენტებშიც.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ივა გელაშვილმა სერია B-სა და იტალიის თასზე 6 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).

0.109332