დღეს, 11 იანვარს, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიულ, პირველ მატჩს გამართავს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გერმანიაში გუშინ დაიწყო.
ჩვენებურთა მეტოქე E ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრები იქნება. შეხვედრა მანჰეიმის SAP Arena-ზე გაიმართება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
დღესვე 23 საათსა და 30 წუთზე ამავე არენაზე ერთმანეთს ჩვენი თანაჯგუფელები, შვედეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
გუშინ ტურნირზე ორი მატჩი გაიმართა. A ჯგუფში ფრანგებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 39:29 მოუგეს, გერმანელებმა კი შვეიცარიელებს - 27:14.
აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩს 53 586 მაყურებელი დაესწრო.