სხვა

11:04 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარეშე ჩაივლის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ზამთრის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც კანვონდო (კორეა) უმასპინძლებს (19 იანვარი - 1 თებერვალი), ნეიტრალური სტატუსის მქონე არცერთი რუსი და ბელარუსი სპორტსმენი არ მიიღებს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია, რომ თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ვადა დეკემბერში ამოიწურა.

„2024 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის არცერთ ნეიტრალურ სპორტსმენს არ გაუვლია კვალიფიკაცია," - იტყობინება IOC-ის პრესსამსახური.

კანვონდოში მედლების 81 კომპლექტი გათამაშდება. ახალგაზრდული თამაშების პროგრამაში შედის ჰოკეი, ფიგურული ციგურაობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ციგურებით რბენა, კერლინგი, ფრისტაილი, სამთო თხილამურობა, ბობსლეი, სკელეტონი, ციგაობა, სნოუბორდი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და შორტ ტრეკი.

2023 წლის 28 მარტს IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. ასევე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში.

GEONOC.ORG.GE

0.130229