ფეხბურთი

0:56 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "გამოვისყიდით თუ არა მიქაუტაძეს, ეს მასზეც იქნება დამოკიდებული"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ გიორგი მიქაუტაძის პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელის დაბრუნებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გიორგის გამოსყიდვას მხოლოდ სეზონის ბოლოს განიხილავენ.

„მიქაუტაძე იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით მოვიდა, რომელიც განხორციელდება თუ არა, ჩვენს შესაძლებლობებსა და გიორგის სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ყველაფერს სეზონის ბოლოს განვიხილავთ.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო მისი დაბრუნება. მასთან მოლაპარაკება ადვილი იყო, მაგრამ „აიაქსთან“ არა. საბოლოოდ, მაინც მივაღწიეთ შეთანხმებას, უბრალოდ, გვინდოდა, უფრო ადრე დაგვემატებინა, რათა თასზე რამდენიმე წუთი მაინც ეთამაშა, რაც მას „ტულუზთან“ მატჩისთვის უკეთ მომზადების საშუალებას მისცემდა“, - თქვა დრეოსიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩი ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114368