‘შავი ლომი’ „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბება და ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ‘კასტრთან’ სტუმრად გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
შეხვედრა 13 იანვარს კასტრში, „სტად პიერ-ფაბრეზე“ საქართველოს დროით 19:15 საათზე დაიწყება. მოცემული მომენტისთვის მესამე ჯგუფს ‘გლოსტერი’ 8 ქულით ლიდერობს; ოთხ გუნდს – ‘შავ ლომს’, ‘კასტრს’, ‘კლერმონს’ და ‘ედინბურგს’ 5-5 ქულა აქვთ, ‘სქარლეთსი’ კი უქულოდაა.
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი რაუნდია დარჩენილი, ფლეი ოფში კი ოთხი საუკეთესო გადის.
საფრანგეთის 5-გზის ჩემპიონი
კასტრი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს და მისი სახელი „გამაგრებულ ადგილს“ ნიშნავს. ძველ დროს იქ რომაული ციხე-სიმაგრე უნდა ყოფილიყო, მე-7 საუკუნიდან კი ბენედიქტინების სააბატო დაარსდა. მოგვიანებით ის სამრეწველო ცენტრად ჩამოყალიბდა და ბოლო მონაცემებით ქალაქისა და მისი შემოგარენის მაცხოვრებლებმა 42 ათასს მიაღწიეს.
ისე, როგორც საფრანგეთის სამხრეთის უმრავლეს ქალაქებში, კასტრში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა რაგბია და მას განუხრელად მისდევს რეგიონის მოსახლეობის სრული უმრავლესობა.
1898 წელს, კასტრის მუნიციპალური კოლეჯის სტუდენტები ქალაქის ცენტრში მდებარე ბარში შეიკრიბნენ და რაგბის გუნდი დააარსეს. პირველ წლებში ის მულტი-სპორტული კლუბის ნაწილი იყო, თუმცა მორაგბეები ველოსპორტის დომინირებით უკმაყოფილონი იყვნენ და 1906 წლიდან სარაგბო კლუბმა დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო. გუნდს ‘კასტრ ოლიმპიკი’ ეწოდა, სათამაშო ფორმის ფერებად კი თეთრი, ლურჯი და ნაცრისფერი შეირჩა.
ახლადდაარსებულ კლუბს სულ რაღაც 15 წელი დასჭირდა ფრაგული რაგბის ელიტაში აღსაზევებლად და მას შემდეგ მუდმივად მოწინავეთა შორისაა.
გუნდმა პირველი ტიტული – საფრანგეთის თასი 1948 წელს მოიგო, 1949 და 1950 წლებში კი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამას ერთგვარი ჩავარდნა მოყვა. 1988 წლიდან კლუბის მმართველობა ადგილობრივმა მაგნატმა, პიერ ფაბრემ გადაიბარა, რომელიც ფარმაცევტული კომპანია „პიერ ფაბრეს ჯგუფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია.
1993 წელს ‘კასტრმა’ ფინალში ‘გრენობლი’ 14:11 დაამარცხა და მესამედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, თუმცა რეფერიმ 13 წლის შემდეგ აღიარა, რომ ჩემპიონს ლელო წესების დარღვევით ჩაუთვალა…
პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ ‘კასტრი’ კიდევ ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი – 2013 და 2018 წლებში. გარდა ხუთი ჩემპიონობისა, გუნდმა სამჯერ ითამაშა ტოპ 14-ის ფინალში – 1995, 2014 და 2022 წლებში, 1997 და 2000 წლებში კი ჩელენჯ თასის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ორივეჯერ დათმო.
ზოგადად ‘კასტრი’ სახლის გუნდად ითვლება. მატჩის დღეს მთელი ქალაქი რაგბით ცხოვრობს. „სტად პიერ-ფაბრე“ 12 500 მაყურებელს იტევს (რაც ქალაქის მაცხოვრებლების დაახლოებით მესამედია) და ის ყოველთვის პირთამდე ივსება. შედეგად, კასტრი „მკვდარ ქალაქს“ ემსგავსება, გარდა ერთი წერტილისა, სადაც მოსახლეობის საყვარელი მორაგბეები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვიან. როგორც წესი, გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პრაქტიკულად არ მარცხდება – უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ტოპ 14-ის მიმდინარე გათამაშებაში ‘კასტრი’ 6 მოგებითა და 6 მარცხით (ჯამში 30 ქულა) მე-7 ადგილს იკავებს. გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ბორჯღალოსნებს – ლევან ცაბაძეს, პალიკო ჯიმშელაძეს, აქვსენტი გიორგაძეს და ანტონ ფეიქრიშვილს უთამაშია. 2020 წლიდან ‘კასტრის’ ღირსებას იცავს ლევან ჩილაჩავა. გუნდთან ერთად 2013 წელს ჩემპიონობა ანტონ ფეიქრიშვილმა იზეიმა.
RUGBY.GE