სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელად ფერნანდო სანტუში დაინიშნა. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
სანტუში საკლუბო დონეზე 2010 წლის შემდეგ პირველად იმუშავებს, მაშინ ის სალონიკის პაოკ-ის მწვრთნელი იყო. პორტუგალიელი 2010-2014 წლებში საბერძნეთის ნაკრებს, 2014-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებს, ხოლო 2023 წელს პოლონეთის ნაკრებს ავარჯიშებდა.
ფერნანდო სანტუში სხვადასხვა დროს „ეშტორილის“, „პორტუს“, აეკ-ის, „პანათინაიკოსის“, „სპორტინგის“ და „ბენფიკას“ მწვრთნელიც იყო. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2016 წელს მიაღწია, როცა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. „ბეშიქთაში“ თურქეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.