ფეხბურთი

17:52 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მინდა ბედნიერი ვიყო და ფეხბურთით ვისიამოვნო, ამიტომ დავბრუნდი"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მას უბრალოდ თამაში სჭირდება, რომ ფეხბურთით ისიამოვნოს. სწორედ ამიტომ მიიღო ფრანგულ გუნდში დაბრუნება.

„მჭირდება თამაში, გოლების გატანა, მინდა ბედნიერი ვიყო და ფეხბურთით ვისიამოვნო, რაც მაკლდა, რადგან „აიაქსში“ თამაში არ მიწევდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ დაბრუნება, ეს ჩემი სახლია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩი ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116084