მოდით არ გვინდა მორალისტურ-პათეტიკური მჭმუნვარება და წანამძღვარშივე იმის ხსენება, რომ მალხაზ ასათიანი კარგი ფეხბურთელი იყო. მალხაზი ცუდი ფეხბურთელიც რომ ყოფილიყო, არანაირი გამართლება არა აქვს იმას, რაც ამ დღეებში წავიკითხეთ. და საერთოდ, ფეხბურთელის სათამაშო კლასი რა შუაშია, როდესაც საქმე ღირსებას და მტრის ცნობას ეხება? ამიტომაც, პირდაპირ თქვათ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანის მიერ რუსულ TV Match-სთვის მიცემული ინტერვიუ სამარცხვინოა და კოლაბორაციონისტული!
ჩვენ დიდი ხანია გვაჯერებენ იმას, რომ ყოფილ თუ მოქმედ ფეხბურთელებს, როგორ ცუდადაც კი არ უნდა მოიქცენენ ისინი, უნდა ვეფეროთ, მოვერიდოთ მათ წყენინებას და ამ გზით შევძლებთ „დავალაგოთ ურთიერთობები“ სპორტსმენებთან. ამ იწილო-ბიწილოში და ფერება-ფერებაში ბევრი ჩვენი კოლეგა თვალსა და ხელს შუა მაქებარ-მეხოტბეებად ჩამოყალიბდა და ისეთ თავისმომჭრელ განცხადებებზეც კი, რაც მალხაზ ასათიანმა ხსენებულ ინტერვიუში მობოდა, რეაქციაც აღარ აქვთ. არადა, უკვე დიდი ხანია დადგა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!
მალხაზ ასათიანს რომ ვკითხოთ, თურმე რუსი სპორტსმენები ყველა ტურნირზე უნდა დაუშვან და თურმე სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია. აი, ასე მარტივად და „ლამაზად“ ყოფილა საქმე. რუსეთმა მეზობელ ქვეყნებში ხალხი უნდა ხოცოს, რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქები დაბომბოს, ქალები და ბავშვები აუპატიუროს, ტაძრები გადაწვას და ამის პარალელურად, სპორტულ ღონისძიებებზე (რომელიც თავისი შინაარსით მშვიდობას და თანადგომას მოიცავს) რუსეთის ჰიმნი უნდა ისმოდეს და ამ ქვეყნის დროშა ფრიალებდეს?!
თურმე, არაფერს ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მიერ სპორტში დანერგილი ყოველგვარი საძაგლობა, კორუფცა, მაქინაცია, მოსყიდვა, ყველაფრის კადრება და ასე მარტივად უნდა შევეგუოთ კაციჭამია სახელმწიფოს მხარდამჭერი სპორტსმენების პლანეტაზე ბოგინს.
თურმე, თავმოყვარეობა ზედმეტი ტვირთია და ძლიერს და ნაძირალას ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს, მსხვერპლი კი მხოლოდ უნდა შეეგუოს მომხდარ უბედურებებს. აი, ამიტომაც - სირცხვილი და თავის მოჭრა მალხაზ ასათიანო!
სულ რომ სპორტსმენი არ იყოს, ქართველი კაცი რომ რუსებზე და რუსეთზე იტყვის, რწმენა გვაერთიანებსო, სირცხვილით გარეთ თავს ვერ ვერ უნდა ყოფდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში ღირებულებები ზოგიერთის ტვინივით დაიბრიცა და ღიად კოლაბორაცინიზმიც კი ჩვეულებრივ ამბად ითვლება. რომელი რწმენა გვაერთიანებს რუსეთთან? სადაური რწმენა? სადაური რელიგია და სადაური თანალოცვა? გადაღებილი ტაძრები და გაუქმებული ავტოკეფალიაა ერთმორწმუნეობა? მღვდლების, ეპისკოპოსების და პატრიარქის მკვლელობაა ერთმორწმუნეობა? იქნებ, ჯერ ცარისტულ და შემდეგ კომუნისტურ ეპოქაში ასეულობით გაძარცვული ქართული ტაძარია ერთმორწმუნოების მაჩვენებელი? სირცხვილი შენ, მალხაზ ასათიანო!
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა და თან არც მინდა, რადგან არ მსურს ბოლომდე გავწიროთ ერთ დროს ჩვენი საყვარელი ფეხბურთელი. იქნებ, მიხვდეს რამეს და ბოდიში მოიხადოს? იქნებ, აეხილოს დახშული თვალი? იქნებ, იქნებ... ვინ იცის... ეს ცრუ იმედები და ცრუ ოცნება ვერ მოვიშალეთ ქართველებმა...
არ გეგონოთ, რომ მარტო ვარ ამ ტექსტის წერის დროს. ჩემს უკან ასეულათასობით და მილიონობით ნაწამები, დახოცილი და გამწარებული ადამიანის ტკივილია. ჩემს უკან დგანან სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, გალში, გულრიფშში, ცხინვალში, ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლში, ხერსონში, დონეცკში და ლიახვის ხეობის სოფლებში რუსეთის მიერ დახოცილი, ნაწამები, გაუპატიურებული, სულში ჩაფურთხებული ადამიანები და მათი ნათესავები. ჩემს უკან მოსჩანს რუსეთის მიერ დანგრეული სახლები, ქარხნები, კორპუსები, ტაძრები და სინაგოგები. ჩემს უკან ისმის იმ ყვითელი ძაღლის წკმუტუნი, ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან გამოსულ გემს ცურვით რომ მისდევდა უკან.
მე მარტო არა ვარ. მალხაზ ასათიანი და მისნაირები კი სანამ ბოდიშს არ მოიხდიან, მთელი ცხოვრება მარტო ყოფნას იმსახურებენ. სირცხვილი მალხაზ ასათიანო, დიდი სირცხვილი შენ!