ფეხბურთი

19:11 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "მეცში" დაბრუნდა

ახლა უკვე ოფიციალურად - გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნდა. ინფორმაცია „აიაქსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და „მეცს“ ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. გიორგი "მეცში" 10-ნომრიანი მაისურით გაირჯება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

0.114537