ფეხბურთი

19:42 | 2.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" მიქაუტაძე შეკრებაზე არ წაიყვანა, რადგან ის "მეცში" ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. „აიაქსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე არ წაიყვანეს.

ამის მიზეზიც ოფიციალურად დასახელდა - სხვა კლუბთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა. სხვა კლუბი ცხადია, „მეცია“, რადგან ეს ერთადერთი კლუბია, სადაც მიმდინარე ზამთარს გიორგის გადასვლა შეუძლია. ფრანგული მედიის ცნობით, ქართველის დაბრუნება სეზონის ბოლომდე იჯარით თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ შეიცვალა ის, რომ შეიძლება შეთანხმების მიხედვით, „მეცს“ ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

0.113119