ბლოგი

19:43 | 31.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი 2023: კვარაცხელიას გაბრწყინებიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართულ ფინალამდე

უკვე 2023 წელიც წარსულის კუთვნილება გახდა, ქართული სპორტისთვის ეს საკმაოდ წარმატებული, შედეგიანი და დასამახსოვრებელი წელიწადი გამოდგა. განვლილ 12 თვეში ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა ტურნირებზე თავის გამოჩენა არაერთხელ შეძლეს და საქართველოს სახელი წარმატებით დაიცვეს.

12 წლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 5 ჩემპიონატებში გვყავს ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს კი ლაშა ტალახაძის სახელი კვლავ აზანზარებს! მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეც ქართველია და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია: ახლა კი გავიხსენოთ ბევრი დადებითი ემოციითა და გამარჯვებებით დატვირთული წელი.

2023 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლისთან ერთად იტალიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, რაშიც მან წვლილი 12 გოლით და ამდენივე საგოლე პასით შეიტანა. ხვიჩა კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სკუდეტო მოიგო. გარდა ამისა, ეს იყო „ნაპოლისთვის“ პირველი ჩემპიონობა ბოლო 33 წლის განმავლობაში, რაც ქართველი ვარსკვლავის ლიდერობით მოახერხა.

სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კვარაცხელია დაასახელა. ხვიჩა გამოარჩია უეფამაც, რომელმაც მას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიანიჭა. კვარაცხელიამ თავის გამოჩენა 2023 წელს საქართველოს ნაკრებშიც მოახერხა. მან მთლიანობაში ეროვნულ გუნდში 5 გოლი გაიტანა, ტაილანდის, კვიპროსის, შოტლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ, რითაც ეროვნული გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა სამეულში შევიდა.

კვარაცხელიას გარდა, გამორჩეული წელი სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ. გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, რის შემდგომაც ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა, თუმცა, ნიდერლანდებში მან ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა.

„ვალენსიაში“ შეუცვლელი იყო გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ნაკრების კიპერი ესპანური გუნდის ლიდერად იქცა და არაერთი გრანდის ინტერესის სფეროშია. 2023 წელს გამორჩეული იყო რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერიც: ტოპლიგაში მოხვდა საბა საზონოვი, რომელმაც კარიერა „ტორინოში“ გააგრძელა, ასევე იტალიაში აღმოჩნდა ივა გელაშვილი „სპეციას“ შემადგენლობაში, ხოლო გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ ჩაირიცხა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, თუმცა, ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. ვილი სანიოლის გუნდმა ორჯერ დაამარცხა კვიპროსი, თითო ქულა მოიპოვა ნორვეგიასა და შოტლანდიასთან, მაგრამ 8 ქულით ჯგუფში მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, საქართველოს ნაკრებმა დაამყარა, როგორც რეკორდი, ასევე ანტირეკორდი. სანიოლის გუნდმა 8:0 დაამარცხა ტაილანდი, ხოლო ესპანეთთან 1:7 დამარცხდა, რაც ყველაზე დიდი სხვაობით მოგება და წაგებაა ჩვენი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში. საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება 2024 წელიც, რადგან მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, რომლის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, მოგების შემთხვევაში კი ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება.

საქართველოს ეროვნული ლიგა 2023 წელს „დინამო ბათუმმა“ მოიგო, აჭარული გუნდი ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა. კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვეს „დინამო თბილისმა“, ქუთაისის „ტორპედომ“ და თბილისის „საბურთალომ“, რომელიც საქართველოს თასს დაეუფლა. ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ფოთის „კოლხეთი“.

2023 წელს ევროთასებზე ქართულმა გუნდებმა ისევ წარუმატებლად ითამაშებს. ყველაზე კარგად თავი გორის „დილამ“ წარმოაჩინა. მათ ორი ეტაპის დაძლევა მოახერხეს, მაგრამ ნიქოზიის აპოელთან მესამე წრეში მარცხი განიცადეს.

ქართული ფეხბურთისთვის 2023 წელი კიდევ ერთი ისტორიული მოვლენით გამოირჩა. პირველად ისტორიაში საქართველომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა წარმატებას მიაღწია.

ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიას და ნიდერლანდებს აჯობა, რითაც მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ამ ფაქტს კი არავინ ელოდა. პლეი-ოფის პირველ სტადიაზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ძალიან ცოტა დააკლდა, როგორც ნახევარფინალამდე, ისე 2024 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებამდე.

თბილისში დამყარდა რეკორდებიც: ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი საქართველოსა და ისრაელის მატჩს დაესწრო. მეორე მესამე ადგილებიც თბილისს ეკუთვნის, უფრო კონკრეტულად კი, საქართველო-ნიდერლანდებისა და საქართველო-ბელგიის მატჩებს. ევროპის ჩემპიონი ინგლისის 21-წლამდე ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა ესპანეთი დაამარცხა.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2023 წელს ისტორიაში პირველად ერთა ლიგაზე ითამაშა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ირის ანტმანის გუნდმა ლუქსემბურგის ნაკრები 4:2 დაამარცხა. მთლიანობაში კი, ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩში 5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩა მეორეადგილოსანს.

2023 წელს საქართველოს ჩემპიონმა „სამეგრელომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი წრის გადალახვაც მოახერხა, როდესაც სლოვენიაში „მურა“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა. ქართული ქალთა ფეხბურთისთვის ეს 2023 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო. საქართველოს ჩემპიონის ტიტული კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ლანჩხუთის "გურიამ" დაიბრუნა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში სწორედ სამეგრელოს აჯობა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდოდა, მაგრამ პორტუგალიის ფედერაციის საჩივრის საფუძველზე, ბევრი ლეგიონერის გამოყენების გამო ავთანდილ ასათიანის გუნდს ქულები დააკლეს, რის გამოც ჯგუფური ეტაპი ვეღარ დაძლია. გამორჩეული იყო სწორედ პორტუგალიის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული გამარჯვება ანგარიშით 2:1. პორტუგალია მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, შესაბამისად, ასეთი დონის გუნდის დამარცხება ქართული ფუტსალის ისტორიას ნამდვილად შემორჩება.

უცხოურ ფეხბურთში უდავოდ გამორჩეული იყო ნაპოლის წარმატება, რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა და კვარაცხელიამ სწორედ იმ ფანჯრის გაღება შეძლო, რომელიც 33 წელი არ გახსნილა. სხვათა შორის მარადონას დიდი მურალის გვერდით ახლა ხვიჩა კვარაცხელიასაც შეხვდებით, ასევე საქართველოს დროშას, რომელიც ნეაპოლში უკვე ყველამ კარგად იცის.

ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო მანჩესტერ სიტიმ, რომელმაც 10 ივნისს, სტამბოლში გამართულ ფინალში როდრის გოლით ინტერი დაამარცხა.

ეს იყო პირველი წელი, როდესაც ევროპაში ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ აღარ თამაშობდნენ. არგენტინელი ინტერ მაიამიში გადავიდა, ხოლო პორტუგალიელმა საუდის არაბეთს მიაშურა. ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ ლიონელ მესიმ მოიგო, რომელსაც წინა წელს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაუფასდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი ერგო, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

2023 წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა. ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდესა და ვენესუელის ნაკრებები დაამარცხა, რის შედეგადაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და სადებიუტო მუნდიალზე შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქართველი კალათბურთელები გერმანიისა და სლოვენიის ნაკრებებთან დამარცხდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი 32 მონაწილე გუნდიდან მე-16 ადგილზე დაასრულეს, რაც შესანიშნავი შედეგია. პლანეტის პირველობის შემდეგ ნაკრები დატოვა ილიას ზუროსმა. ბერძენი სპეციალისტი გუნდს 2016 წლიდან ავარჯიშებდა. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი. კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდა.

წარმატებული წელი ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებსაც. თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ ლიდერია, რომლის მაისურით ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის მატჩის, ტურის თუ თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი უკვე ძალიან ნაცნობი გახდა. NBA-ში გუნდები შეიცვალეს გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა, შესაბამისად, ბითაძე„ორლანდოში“ ხოლო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ გადავიდნენ. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კი დენვერ ნაგეტსის გამარჯვებით დასრულდა. მათ მაიამი ჰიტი ფინალურ სერიაში 4-1 დაამარცხეს.

5-წლიანი პაუზის შემდეგ 2023 წელს ქართული კლუბი ევროტურნირებს დაუბრუნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ევროთასზე იასპარეზა, სადაც ჯგუფური ეტაპზე 6 მატჩი ჩაატარა და დიდი გამოცდილება მიიღო.

მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა რაგბიშიც, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა და ჩემპიონი ისევ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა. სამწუხაროდ, „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე წარუმატებლად იასპარეზეს და 2003 წლის შემდეგ პირველად ტურნირი მოგების გარეშე დაასრულეს. საქართველოს ნაკრები უელსთან, ფიჯისა და ავსტრალიასთან დამარცხდა, ხოლო პორტუგალიასთან მხოლოდ ფრეს დასჯერდა. მსოფლიო თასის შემდეგ ნაკრები დატოვა ლევან მაისაშვილმა და ახლა ეროვნული გუნდი ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია.

სამაგიეროდ, წარმატებული წელი ჰქონდა პირველ ქართულ ფრენჩაიზს, „შავ ლომს“, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო რაგბი ევროპის სუპერთასი. გარდა ამისა, „შავი ლომი“ „ჩელენჯ ქაფზე“ თამაშობს, რაც ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა და მეორე ტურში მათ ინგლისური სკარლეტსის დამარცხებაც შეძლეს.

ის რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა რეალობაა, საქართველომ და კონკრეტულად ბაკურიანმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს და მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. ჩვენმა ქვეყანამ სამთო სათხილამურო ტურნირებზე დადებითი შეფასებები მიიღო და მსოფლიოს რუკაზე საქართველო არაერთხელ მოინიშნა. აღსანიშნავია, რომ პლანეტის პირველობის უმაღლეს დონეზე ჩატარების გამო, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

ისტორია დაიწერა საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ევროპის ჩემპიონი გვყავს. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს კონტინენტის პირველობაზე მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია. აქამდე საუკეთესო შედეგი, ბრინჯაოს მედალი ელენე გედევანიშვილს და მორის ყვითელაშვილს ჰქონდათ. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ფიგურულ ციგურაობაში გრან ფრის ფინალის გამარჯვებულია. ქართულმა დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 131.63 ქულა დააგროვა და სპორტულ წყვილებში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ორივე პროგრამის ჯამში კი 202.11 ქულით მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.

2023 წელს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის I დივიზიონში ითამაშა, სადაც სერბეთის ნაკრების დამარცხებაც მოახერხა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა 2023 წელს უნივერსიადაზე ისტორიული შედეგიც აჩვენა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველ წყალბურთელებს მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ. წარმატებას მიაღწიეს 17-წლამდელებმაც და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლეს. „დინამო თბილისმა“ კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისევ ითამაშა.

2023 წელი ისტორიული გამოდგა ქართული ხელბურთისთვის, რადგან საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ტიტე კალანდის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთი დაამარცხა, რის შედეგადაც კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში 10-28 იანვარს გაიმართება, ბოსნიის, ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებებს შეხვდებიან. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ქალაქ მანჰაიმში ჩაატარებს.

2023 წელი რეიტინგის ლიდერის რანგში დაასრულა სანდრო ბაზაძემ. ქართველმა მოფარიკავემ საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში კონკურენტებს დიდი უპირატესობით აჯობა. ეს წელი სანდროსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, რომელმაც თითქმის ყველა ტურნირზე მოახერხა მედლის მოპოვება. ბაზაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წარმატებებს მიაღწიეს ქართველმა პარამოფარიკავეებმაც, რომელმაც სხვადასხვა შეჯიბრებებზე საქართველოს არაერთი მედალი მოუტანეს.

ტრადიციულად შედეგიანი წელი ჰქონდა ლაშა ტალახაძეს, რომელსაც ძალოსნობაში მძლეველი ისევ არ ჰყავს. ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა 2023 წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პლანეტის პირველობა, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, ტალახაძემ ორჭიდში 473 კგ-ით გამარჯვება მოახერხა და მსოფლიოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. მანამდე მან ერევანში ევროპის ჩემპიონატზეც პირველი ადგილი არავის დაუთმო, სადაც 474 კგ-ით ოქროს მედალს დაეუფლა და კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

გარდა ამისა, ქართველმა ძალოსნებმა სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებზე 2023 წელს საქართველოს არაერთი მედალი მოუტანეს.

შედეგიანი წელი იყო ძიუდოსთვისაც. 2023 წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები მოიპოვეს.

ისტორიული გამოდგა მაისში დოჰაში გამართული მსოფლიო პირველობა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ოქროს, ლაშა ბექაური ვერცხლს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ისტორიაში პირველად შედგა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი, რომელშიც მაისურაძემ ბექაურის დამარცხება მოახერხა. გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნოემბერში საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4-დან 4 ფინალი წააგო, შესაბამისად, გამოსვლა ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ვერცხლის მედლები ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 2023 წელს ძიუდოისტების ანგარიშზე სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებზე, გრანდ სლემსა და გრან პრიზე არაერთი მედალია.

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები გაიმართა ჭიდაობაშიც. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა პლანეტის პირველობაზე ორი მედალი დაისაკუთრეს. ლერი აბულაძე ოქროს, ხოლო ნუგზარ წურწუმია ვერცხლს დაეუფლა. უფრო მეტი მედალი მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მედალს ვერ დაეუფლნენ. გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო გივი მაჭარაშვილი და შოთა ფარტენაძე ვერცხლს დაეუფლნენ.

ევროპის ჩემპიონატზე კლასიკოსებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო თავისუფალ სტილში საქართველოს მონაგარი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი იყო.

2023 წელს ქართველმა მოჭიდავეებმა სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებზეც შეძლეს თავის გამოჩენა.

გამორჩეული წელი იყო ქართული კრივისთვისაც, 2023 წლის საერთაშორისო ტურნირებზე ქალებს შორის საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე პოზიციაზე ნანა ფიფია და ანა ხვედელიძე გავიდნენ. 23-წლამდე ევროპის პირველობაზე საპრიზო მესამე ადგილი რაჰიბა ისმაილოვამ დაიკავა. თათია ბუკია კი ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

მამაკაცმა მოკრივეებმა კი საქართველოს სახელით სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებზე 2023 წელს 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორი სახილ ალახვერდოვი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ლაშა გურულისა და გიორგი ყუშიტაშვილის ანგარიშზეა. გურულს მედლის გარეშე არც ევროპული თამაშები დაუსრულებია და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. 22-წლამდე კონტინენტის პირველობაზე გუნდის კაპიტანი ლაშა გაგნიძე მეორე პოზიციაზე გავიდა, მესამე ადგილი კი გიორგი გუცაევმა დაიკავა.

საქართველოს პარასპორტის ფედერაციამ 2023 წელი გალა დაჯილდოების ცერემონიით დახურა სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს. წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი გახდა, ხოლო მამაკაცებში რევაზ ჩიკოიძე გამოარჩიეს. წლის საუკეთესო გუნდად პარა ტაეკვანდოს ნაკრები აღიარეს. პარასპორტსმენებმა უმაღლესი დონის 41 საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 120 მედლის მოპოვებას შეძლეს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე პარიზის პარალიმპური თამაშების 10 ლიცენზიაა და 2024 წლის 28 აგვისტომდე ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

წინ ახალი, 2024 წელია, ქართული სპორტის წინაშე კი არაერთი გამოწვევაა. ეს არის წელი, როდესაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მოხვედრის შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს. წლის მთავარი მოვლენა კი, პარიზის ოლიმპიური თამაშებია, სადაც ქართველი სპორტსმენები მედლებს შეუტევენ და საქართველოს ჰიმნის აჟღერებას კიდევ ერთხელ ეცდებიან.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.122626