იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ ვერ მოუგო (0:0) და წელი, რომელიც მისთვის მაინც დაუვიწყარი იყო ჩემპიონობის გამო, გოლის გარეშე და გულშემატკივრების სტვენის ფონზე დაასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე შანსები ჰქონდა: მაგალითად, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მცირედით ააცილა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაკომო რასპადორისთან შესანიშნავი კომბინაციის მერე მაგარ პოზიციაში დარჩა, თუმცა სამწუხაროდ, დარტყმა კარგი არ გამოუვიდა და მეკარეს ვეღარ აჯობა.
ხვიჩამ „მონცას“ ორივე მარჯვენა მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა - პირველ ტაიმში პედრო პერეირას და მეორე ტაიმის სტარტზე სამუელე ბირინდელის. საინტერესოა, რომ გაყვითლებული პერეირას ნაცვლად ბირინდელი 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
66-ე წუთზე „მონცას“ ჰქონდა გოლისთვის ყველაზე კარგი შანსი, მაგრამ „ნაპოლი“ ალექს მერეტმა იხსნა, რომელმაც მატეო პესინას პენალტი აუღო. კვარა 82-ე წუთზე მეტოქესთან ჩხუბის გამო გააფრთხილეს, იმავე ეპიზოდში ვალტერ მაძარი გააძევეს. ბოლოს ნეაპოლელებს მოგება მაინც შეეძლოთ, მაგრამ ჯანლუკა გაეტანომ კარგი სიტუაციიდან ცუდად დაარტყა.
ამრიგად, კვარასთვის შარშანდელისგან განსხვავებით „მონცასთან“ თავი ვერ გამოიჩინა, მოგეხსენებათ, გასულ სეზონში დუბლი შეასრულა ამ გუნდთან, თანაც თავისთვის სადებიუტო მატჩში „სტადიო მარადონაზე“.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა.
„ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
„ნაპოლი“ – „მონცა“ 0:0 (0:0)