ფეხბურთი

8:25 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

წიგნიდან: ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი

საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს.

რაჭაში ფრთხილად, ყველა გამღვიძებლის გათვალისწინებით ამოდის, თითქოს გრძელი წინადადებაა და ყველაზე ზარმაცისთვის დააყოლებს ფეხათრეულ სხივს, სახელად - ,,ქვეშენიჭირიმე".

გურიაში ფაცხა-ფუცხით ამოირბენს, საკუთარ თავს ეკითხება: რაფერ ხარ? როის ამოი? როის ჩახვალ? და ჩადის.

ქართლი სხვადასხვანაირია და ერთი მზე ვერ ეყოფა. ცოტა დასავლეთით მზე ისე ამოგორგალდება, თითქოს თონედან ცხელი და მრგვალი პური ამოიღესო. ცოტა აღმოსავლეთითაც იგივეა, ოღონდ პურს ოდნავ გვერდები აქვს შებრაწული.

ხევსურეთში ბევრი მზე ამოდის ერთად - ყველა კოშკის სარკმელში თითო მზე შედის და ბებერ ქვებს ათბობს.

ფშავში მზე თითქოს სისხლია, დაჭრილ ცას ღრუბლის კალთიდან მოწვეთავს და გამხმარ კლდეებს რწყავს, მერე ცოცხლდებიან ეს კლდეები, ძარღვებად ხეების ფესვები ებერებათ და მშვენიერი სანახავია ეს სიცოცხლე.

გუდამაყრის მზე გუდამოკიდებული ამოდის, გუდაში ვარსკვლავები უყრია და გზაზე პენტავს. დახრილ შარაზე ბავშვი რომ შემოგეყრება და წარბსმიღმა ამოგხედავს, მაშინ მიხვდები სად გადმოყარა მზემ ვარსკვლავები.

თუშეთის მზე ციცაბო ცის ბილიკზე მიდის, გგონია, რომ სადაცაა ჩამოვარდება, მაგრამ არასდროს მართლდება ვარაუდი.

მოხევეთა მზე ისე მკვრივია, თითქოს წითელი ქვა დაახეთქეს გაყინულ ტბას - ზეცას ბზარავს მოხევეთა მზე.

მთიულების მზე ლამაზი და პატიოსანია - ისე ამოდის, თითქოს ლოცულობს და რაღაცას ინანიებს, ოღონდ ეს რაღაც არასდროს რომ ჩაუდენია.

იმერეთი სხვადასხვაობს და იმერეთშიც რამდენიმე მზე ამოდის. ლიხს ახლო იმერული მზე ცელქია, ასკინკილათი მოხტუნაობს და სხივებს კენჭებივით ესვრის ფანჯრებს. შუა იმერული მზე ცოტა მორღვეული ჩოხით ამოიწვერება, ხან თეთრია ეს ჩოხა-ღრუბელი, ხან ნაცრისფერი. მერე მუხლს შემოდებს რომელიმე მთაზე, შეისვენებს და აწეული წარბით შეგვათვალიერებს. იქითა იმერული ტყუპია შუასი, ოღონდ ეგ არის, რომ ჩოხა კარგად ამოკემსილი აქვს.

აფხაზური და ოსური მზე არ მიგრძვნია, მხოლოდ მოყოლით ვიცი და სიტყვებიდანც ჟონავს მათი სითბო, ახლა მტრის უფანჯარო ციხეში გამომწყვდეული.

ლეჩხუმის მზე ხელგაშლილი ამოდის. ამოდის და დაუკითხავად გეხუტება, გამთბარი ხის სახლის სუნი აქვს ამ ჩახუტებას და მარანში შენახული ზამთრის ვაშლის გემო. ეს ერთიც და მეორეც თხრობით მაინც უნდა იცოდეთ, თორემ ძნელად გაიგებთ ამ ჩახუტებას.

კახეთში მზე დარბაისლური დოინჯით გადგება თავზე და დაჟინებით გიყურებს. ისეთია მისი მზერა, თუ არ ადგები, კარგ ღონიერ პანჩურს რომ გიმზადებს. ვერ შეედავები. კახური მზე ყველაზე მართალია.

სვანური მზე ისეთი პირდაპირი და სუფთაა, სულ რომ უცოდველი იყო, თვალებში ვერ ჩახედავ. შეგრცხვება რაღაც დიდის და მიუწვდომლის.

სამცხე-ჯავახეთში რომ მზეა, ეგ მზე ისე გავიცანი, რომ ამოვიდა განა ცაზე, პირდაპირ აივანზე ამოვიდა და სხივები ძნასავით მიაწყო და ღიღინით მეზობელთან გადავიდა მალევე სხვა ძნით. ასე სახლ-სახლ ამოდის მესხური მზე.

დუშეთის მზე ლოცვას ჰგავს, მოხუცი ქალის ლოცვას, თითქოს ცოტა გაურკვეველს და ყველაზე წმინდას - როცა ამოდის, ცოტა წვიმასაც ამოაყოლებს. ცვარივით დევს მერე ეს წვიმა ლოცვაზე ამოსულ ფრთხილადმწვანე ბალახებზე.

აჭარული მზე განდაგან ამოიცეკვებს. ხულოიდანა, ქედაში ჩერდება, თუთუნს იყიდის და სანაპიროზე გააბოლებს. დაუძახებ და ყურსაც არ გათხოვებს, ზმორებით ჩაყვება ტალღებს და სადღაც სხვა ქვეყანაში ამოვა, სადაც ვინმე ჩემნაირ მოკირკიტეს მოუყვება, რომ არსებობს ქვეყანა სადაც მრავალი მზეა.

კი, მართალი ხართ. ერთი გამომრჩა. გამომრჩა და ალბათ იმიტომ, რომ სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია. ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა და ბურთად გადაიქცა.

https://booksale.ge/book/xviCa-kvaracxelia

გიორგი კეკელიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106222