ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში დერბიში „ვესტ ჰემთან“ საკუთარ მოედანზე წააგო და ლიდერის პოზიცია დაკარგა.
მე-13 წუთზე ანგარიში ტომას სოუჩეკმა გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში კონსტანტინოს მავროპანოსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში „მეთოფეებმა“ სიტუაცია ვერ შეცვალეს. მატჩის ბოლო წუთზე „ჩაქუჩებს“ მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ საიდ ბენრაჰმამ პენალტი ვერ გაიტანა.
თუმცა, „ვესტ ჰემმა“ 2:0 მოიგო, 33 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა. „არსენალი“ კი 40 ქულით მეორე ადგილზე დაქვეითდა და პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე 42 ქულით „ლივერპულმა“ დაასრულა, შესაბამისად, ზამთრის ჩემპიონი გახდა.
ლონდონის „ტოტენჰემი“ სტუმრად „ბრაიტონთან“ 2:4 დამარცხდა. „დეზებმა“ თამაში ძალიან ცუდად ჩაატარეს და მხოლოდ ბოლო წუთებში გამოცოცხლდნენ.
თუმცა, მანამდე რობერტო დე ძერბის გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა ორი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ეს მარცხისგან თავის ასარიდებლად საკმარისი არ გამოდგა.
„ბრაიტონი“ 30 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემი“ 36 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.