GFF Awards-ის ცერემონია გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
ქართველი დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან „ნაპოლიში“ 29 დეკემბერს თამაში აქვს, მაგრამ ონლაინ კომენტარი გააკეთა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ზედიზედ ოთხჯერ დამასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად, რაც ძალიან დიდი პატივია. იმედი მაქვს, რომ 2024 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება და ყველა იმ ოცნებას ავიხდენთ, რაც ქართველებს გაგვაჩნია. აქვე წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“, - თქვა კვარაცხელიამ.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი საბა საზონოვი გახდა, რომელიც ასევე ვერ დაესწრო ღონისძიებას, მაგრამ კომენტარი მანაც გააკეთა:
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ამ ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. კარგი სანაკრებო წელი გვქონდა, განსაკუთრებით, საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე და ვიცი, რომ წინ უამრავი ჩემპიონატი გველოდება. ქართული ფეხბურთის ისტორიას გულშემატკივრებთან ერთად დავწერთ. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ქართველ გულშემატკივარს და მთლიანად საქართველოს“, - აღნიშნა საზონოვმა.