„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ხალხისთვის მთავარი შედეგია და არა სათამაშო სტილი. როგორც მან აღნიშნა, თუ „სიტი“ ვერ იმარჯვებს, ყველა კრიზისზე ლაპარაკობს, მაგრამ არ აინტერესებთ ის, თუ როგორ ითამაშეს შედეგობრივად წარუმატებელი მატჩები. გარდა ამისა, პეპმა ისეთი კომენტარიც გააკეთა, რომლის მიხედვით, თითქოს, სეზონის ბოლოს "სიტის" დატოვებას აპირებს.
„ეს არის ბიზნესი: როცა ვერ იმარჯვებ, არაფერი ხარ, ნული ხარ. ვიცი, რომ „ბარსელონაში“ მუშაობის პირველივე დღიდან ხალხი ელოდებოდა, რომ რთულ სიტუაციაში ვენახე. ის, რაც მოვიგეთ, ტიტულები, წარმოუდგენელია. ხალხი ამბობს: რა ბრწყინვალედ თამაშობენ, გენიალურია, მაგრამ ამას იმიტომ ამბობენ, რომ ვიმარჯვებთ. მათ არ იციან, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ გვაფასებენ, რომ ვიმარჯვებთ. საჭიროა სხვა რაღაცებიც დავინახოთ. როდესაც ვეღარ გაიმარჯვებ, ეჭვებიც გაჩნდება.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ „კრისტალ პალასთან“, „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. ეს არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ხალხს ჩვენი თამაში არ აინტერესებს, მხოლოდ შედეგები. ამ მატჩებში ჩვენს საუკეთესო დონესთან მიახლოებით ვითამაშეთ, მაგრამ თუ ვერ იმარჯვებ, კრიზისია, კატასტროფაა. მაქვს განცდა, რომ სამუშაო დასრულდა, წრე დაიხურა“, - თქვა გვარდიოლამ.