რაგბი

16:00 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა"

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე უელსურ ‘სქარლეთსთან’ მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან (23:7) ერთი კვირის თავზე, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ 27:17 სძლია და ზედიზედ მესამედ გახდა რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ტაიმი 14, გარკვეული დროით კი 13 კაცის ამარა დავრჩით, ‘შავმა ლომმა’ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და „ავჭალის“ ტრიბუნაზე შეკრებილი 3 ათასი ქომაგის გახარება.

„მარტივი თამაშის მოლოდინი არც გვქონდა. ‘ჰითს’ მეშვიდედ შევხვდით და მათთან იოლი თამაში არცერთხელ გვქონია. ის ერთი თავით მაღლა დგას ტურნირის სხვა მონაწილეებზე და შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ეცადა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეგვეძლო გამარჯვებამდე მშვიდად მივსულიყავით, მაგრამ სადღაც ემოციამ გვძლია, სადღაც დისციპლინამ გვიმტყუნა. დიდი ზეწოლის ქვეშ მოვექეცით წითელი ბარათის მიღების შემდეგ“.

„მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ამ გამარჯვებისთვის, სიხარულისთვის, თამაშში უზარმაზარი ენერგია ჩადეს. მიუხედავად პრობლემებისა, მათ მესამედ აწიეს სუპერ თასი. ‘შავი ლომი’ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს, ისტორიას ქმნის და მადლობა ყველას, ვინც მის დაარსებას საფუძველი ჩაუყარა“ – ამბობს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასს დაუბრუნდება და 13-ში სტუმრად ‘კასტრს’ ერკინება, 20-ში კი თბილისში ‘კლერმონს’ დაუხვდება.

RUGBY.GE

0.122586