სხვა

17:08 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეხიკოს და სეულის ოლიმპიადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიება სეოკ-ში

ოლიმპიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით მეხიკოს 1968 და სეულის 1988 წლების ოლიმპიური თამაშების საიუბილეო თარიღებთან (მეხიკო- 55, სეული- 35) დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორები - ნინო სალუქვაძე, დავით გობეჯიშვილი, გელა კეტაშვილი, ლერი ხაბელოვი, ამირან ტოტიკაშვილი, გიორგი თენაძე, მაია აზარაშვილი, სეოკ-ის, სპორტული ფედერაციების და მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე.

სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს სხვადახვა კადრები მეხიკოს და სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების ასპარეზობის შესახებ. ჩვენმა ოლიმპიელებმა გაიხსენეს სხვადასხვა საინტერესო ამბები თავიანთი განვლილი სპორტული კარიერიდან.

ღონისძიებაზე ქართველი ოლიმპიელების შესახებ საინტერესო ისტორიული მომენტები გაიხსენეს დამსახურებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა თენგიზ გაჩეჩილაძემ და თამარ ბალავაძემ.

1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშებში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 14-მა სპორტსმენმა, მოპოვებულია 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი - რომან რურუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - ოქროს მედალი, ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - ოქროს მედალი, დიტო შანიძე (ძალოსნობა) - ვერცხლის მედალი, შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - ვერცხლის მედალი, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) - ბრინჯაოს მედალი, სერგეი კოვალენკო (კალათბურთი) - ბრინჯაოს მედალი.

სეულის 1988 წლის თამაშებში კი საქართველოდან იასპარეზა 16-მა სპორტსმენმა, მოპოვებულია 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი - ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - ოქროს და ვერცხლის მედლები, დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - ოქროს მედალი, ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა) - ოქროს მედალი, ვლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში) - ოქროს მედალი, გელა კეტაშვილი (ფეხბურთი) - ოქროს მედალი, ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)- ვერცხლის მედალი, ამირან ტოტიკაშვილი (ძიუდო) - ბრინჯაოს მედალი, გიორგი თენაძე (ძიუდო) - ბრინჯაოს მედალი, ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) - ბრინჯაოს მედალი, მიხეილ გიორგაძე (წყალბურთი) - ბრინჯაოს მედალი, მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა) - ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს ოლიმპიური ისტორია 1952 წლიდან იწყება, დღევანდელი მონაცემებით საქართველოს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვთ 133 მედალი-41 ოქრო, 35 ვერცხლი და 57 ბრინჯაო.

GEONOC.ORG.GE

0.123087