„ვალენსია“ საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს, 8 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული, რაც გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. ესპანური გამოცემა As-ი სწორედ ამ ფაქტს უსვამს ხაზს:
„ვალენსია აჩვენებს, რომ სანდო გუნდია, როცა სახლში თამაშობს და შედეგიც არის. ბარახამ იცის, რომ „მესტალიაზე“ მხარდაჭერა ძლიერია და ამ სეზონში საშინაო მატჩებში კარგ შედეგებსაც იღებს. გარდა ამისა, გუნდი დაცვაში შინ ძალიან უსაფრთხოდ თამაშობს.
ჟოაო ფელიქსმა დაარღვია „ვალენსიას“ კარგი სერია „მესტალიაზე“, სადაც მათ 325 წუთი გოლი არ გაუშვეს. მანამდე, ბოლო ვინც მამარდაშვილის კარში ვალენსიაში გოლი გაიტანა, 27 სექტემბერს, კარლოს ფერნანდესი იყო. ეს მატჩი იყო „სოსიედადთან“ და „ვალენსიამ“ ბოლოს საკუთარ მოედანზე სწორედ მაშინ წააგო.
მას შემდეგ „ვალენსიამ“ უმასპინძლა „გრანადას“, „კადისს“, „სელტას“, „ბარსელონას“ და მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოახერხა მამარდაშვილის კედლის დანგრევა. ბარახას გუნდმა შინ 8 მატჩი ჩაატარა, 4 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 2-ჯერ წააგო. საკუთარ მოედანზე მეორე გუნდია ყველაზე ცოტა გაშვებული გოლით - მხოლოდ 4 „რეალის“ მსგავსად, უკეთესი მხოლოდ „ბეტისს“ აქვს, რომელსაც 3 გოლი აქვს გაშვებული.
სახლში „ვალენსიას“ კარგი სტატისტიკა ყველაზე მეტად მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც შესანიშნავი თამაშით გუნდი გოლისგან ბევრჯერ გადაარჩინა. „ბარსამ“ კარში 8-ჯერ დაარტყა. ქართველი მეკარე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 22 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა.