ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში ზამთრის ორთვიანმა არდადეგებმა დაისადგურა. მე-11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეს, მონაწილეთა შორის ერთადერთი დაუმარცხებლად მყოფი ‘ბათუმი’ დაუბრუნდა. აჭარლებს ჯერ წინა ტურში მატჩზე გამოუცხადებელ ‘აკადემიასთან’ ტექნიკური ანგარიშით, ბონუსის თანხლებით მოგება 30:0 გაუფორმდათ, განვლილ ტურში კი თენგიზ გოგიბერიძის ბიჭებმა მიმდინარე პირველობაზე სამნიშნა ციფრით პირველად იმარჯვეს და 51 ქულით კალენდარული წელი ცხრილის პირველ საფეხურზე ჩაამთავრეს.
ბათუმელებს კვალში შესაბამისად 49 და 47 ქულით ‘აია’ და ‘ლელო’ უდგანან. მართალია, ‘ლელომ’ ორივე უშუალო კონკურენტთან მარცხი განიცადა, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩემპიონს ხსენებულ მეტოქეებთან დაპირისპირებაში 18 წლამდე ნაკრებში მივლინებული მოთამაშეები აკლდა და ზურა ხორბალაძის გუნდს აჭარლებთან და რიონისპირელებთან გამკლავება პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით მოუხდა.
‘არმიამ’ აღებული ნუგეშით და 25 დაგროვილი ქულით მეოთხე პოზიცია გაიმყარა და მდევარ ‘ყოჩებთან’ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. სეზონში მესამე მოგებამ ‘ხარებს’ პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. ქვემო ქართლელებმა გასავარდნ, მე-7 ადგილზე დაქვეითებულ ‘აკადემიას’ 1 ქულით გადაასწრეს, თანარეგიონელ ბოლნისელებთან კი ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ცხრილის ბოლო საფეხურზე უქულოდ მყოფი ‘აია’-1 რჩება. ისიც აღსანიშნავია, რომ რიონისპირელთა მეორე გუნდმა 10 შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით დათმო და „ვერცხლის“ ლიგაში დაბრუნებას ფორმალური მხარეღა აშორებს.
‘ბათუმმა’, აჭარის დედაქალაქში აუტსაიდერ ‘აია’-1-ს 16 უპასუხო ლელო დაუდო და რიონისპირელთა მეორე გუნდი „მშრალი“ ანგარიშით 106:0 დაამარცხა. მასპინძელთა მღლეტელმა თაზო დუმბაძემ და შუამარბმა ანდრია დევაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს, ხოლო კვაჭმა ნიკა ბერიძემ „დუბლი“ გაიფორმა.
მეორე ადგილზე მყოფი ვიცე-ჩემპიონი ‘აია’, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ ესტუმრა და დაგეგმილი ბონუსით უპრობლემოდ იმარჯვა. მატჩის პირველივე წუთებიდან ‘აია’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც რიონისპირელებმა 10 გატანილ ლელოში ასახეს. სტუმართა მხტომელმა თორნიკე ტორაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული ბურჯის ნოდარ ბუბაშვილის ლელომ დააფიქსირა. ‘აკადემია’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მხტომელ გიორგი გობეჯიშვილის გატანილი ეული ლელოთი გადაურჩა – 66:5.
მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ „რაგბი პლატოზე“ ესტუმრა და იოლ წარმატებასაც მიაღწია. ქვემო ქართლელებმა უპირობო ფავორიტს გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, სადაც ზურა ხორბალაძის შეგირდებმა 4 უპასუხო ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 24 ქულიანი სხვაობით წავიდნენ. მეორე ტაიმში ‘ლელო’ შეტევებს ჩვეულ სტილში აგრძელებდა და მონაგარს კიდევ 6 გატანილი ლელო შემატა. მარბიელმა მიშო შიოშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ფრთა გიორგი ბოლქვაძემ კი „დუბლი“ გაიფორმა. ჩემპიონმა „მშრალი“ ანგარიშით მიმდინარე სეზონში მეხუთედ იმარჯვა – 64:0.
„ხარები არენაზე“, ადგილობრივი ‘ხარებისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა ფიცხელი ბრძოლითა და დრამატული ფინალით გამოირჩა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი ნახევარი ფრედ 15:15 დასრულდა. მეტოქეებმა 2-2 ლელო გაიტანეს. ქვემო ქართლელთა მხრიდან თავი მარბიელმა ლუკა წიკლაურმა და ფრთა ნიკა ქურიძემ გამოიჩინეს, „არმიელთა“ მხრიდან კი ლელო ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმა და ფრთა დაჩი მჭედლიძემ გაიტანეს.
მეორე ტაიმში გუნდები უპირატესად დაცვაში საიმედო თამაშზე ზრუნავდნენ, რაც მატჩის ბოლო წუთამდე წარმატებით გამოუვიდათ. კულმინაციად კი შეხვედრის ბოლო წუთი იქცა, როდესაც გიორგი ზირაქაშვილის შეგირდებმა სისწრაფეზე კარგად გაშალეს ოვალი და სივრცეზე მოპოვებული უპირატესობა მარქაფადან ჩართული ფრთა გიორგი ლომიძის დადებული ლელოთი დააგვირგვინეს. ‘ხარებმა’ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, საკუთარ დერეფანში უზადოდ გაისარჯნენ, სტატიკაშიც კარგად გამოიყურებოდნენ და სეზონში მესამე გამარჯვებით პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი შეინარჩუნეს – 22:15.
RUGBY.GE