ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის „არსენალმა“ ლიდერობა დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც თვითონ გაიმარჯვა, ხოლო „ლივერპულმა“ ქულები დაკარგა.
მე-17 ტურში მიკელ არტეტას გუნდმა შინ დამაჯერებლად აჯობა „ბრაიტონ ალბიონს“ – 2:0. შედეგად, 39 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. თუმცა, „მეთოფეებს“ მშვიდად ყოფნის საშუალება არ აქვთ, რადგან „ლივერპულს“ და „ასტონ ვილას“ მხოლოდ ქულით უსწრებს.
იურგენ კლოპის გუნდი შინ „მანჩესტერთან“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა და „ენფილდზე“ ნულოვან ფრეს დასჯერდა, რის შედეგადაც 38 ქულით მეორე ადგილზეა.
ისე მოიგო „ასტონ ვილამ“, რომელმაც სტუმრად „ბრენტფორდს“ 2:1 აჯობა. უნაი ემერის გუნდი დიდებულ სეზონს ატარებს და 17 ტურში 38 ქულა აქვს. სამეულს ცოტათი ჩამორჩა „მანჩესტერ სიტი“, რომელიც 34 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.