შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე იმედიანი განწყობით წარსდგა. შოტლანდიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მომავალ დაპირისპირებაში გამარჯვებით გულშემატკივრები გაიხარებენ.
"ჩვენ გვინდა შოტლანდიური სპორტის გულშემატკივრები გავახაროთ და მათ ბედნიერება მივანიჭოთ. ფეხბურთელებმა თავდაჯერებული გამხადეს. მათ შეუძლიათ მწვრთნელებს განწყობა შეუცვალონ და მათ ეს ამ კვირაში დამიმტკიცეს." - განაცხადა სტრაჩანმა.
შოტლანდიელებს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ უასპარეზიათ. შოტლანდიური მედია იმედოვნებს, რომ ბრიტანელები დიდ საფეხბურთო ტურნირს საფრანგეთში გასამართ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუბრუნდებიან.
"არასდროს იცი ფინალურ ეტაპზე როგორ მოხვდები. ამის დაგეგმვა არ ხდება და არასდროს იცი როდის გელოდება წინ დიდი მატჩები და როდის გიდგას კატასტოროფის მომენტი. მომავალ დაპირისპირებაში მატჩის სადავეები ჩვენ უნდა ჩავიგდოთ და ვიმედოვნებ, საფრთხეს მეტოქე ვერ შეგვიქმნის."
გორდონ სტრაჩანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შოტლანდიელები გუნდური თამაშის წყალობით დაამარცხებენ.
"ვიცით, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებით. საქართველომ ირლანდიასთან წაგებული თამაში უიღბლობას დააბრალა. ვფიქრობ, ჩვენი მომავალი მეტოქე წინა თამაშში კარგად გაისარჯა, თუმცა ეიდენ მაკგიდის გასაოცარი გოლით დამარცხდნენ. გადამწყვეტ სიტუაციებში ჩვენც გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია საქართველო გუნდური თამაშით დავამარცხოთ."
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის დღეს გლაზგოში “აიბროქსზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირიდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.