ფეხბურთი

0:06 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "დღეს გონებრივად თავისუფალი იყო"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მე-16 ტურში „კალიარი“ ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით 2:1 დაამარცხა. იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში ამჯერად მაღალი ქულებით შეაფასა:

Tuttomercatoweb 7 ქულა - „პირველივე წუთებიდან ვხედავთ, რომ მისთვის კარგი საღამოა, როდესაც თავისებურად ციმციმებდა. მერე თითქოს ისევ ბოლო პერიოდის სასოწარკვეთაში ჩავარდა, მარჯვენა ფეხით მკვეთრი დარტყმით მოიშორა ყოველგვარი ჭუჭყი და ანგარიში 2:1 გახადა. მე-5 გოლი სეზონში და თითქმის სამი თვის შემდეგ პირველი „მარადონაზე“.

Calciomercato 7 ქულა - „თავიდანვე აკეთებს დრიბლინგებს, ცდილობს გოლის გატანას, რომელსაც საბოლოოდ 75-ე წუთზე იპოვის ოსიმენის პასით“.

Calcionapoli1926 7 ქულა - „რა ვთქვათ - დაბრუნდა! ცოცხალი თამაში, შემდეგ ოსიმენის გოლშიც მონაწილეობდა, ბოლოს გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დღეს ის უფრო მშვიდი და თავისუფალი იყო, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად“.

Tuttonapoli 7.5 ქულა - „ძლიერად დაიწყო, ბევრი დრიბლინგი და რამდენიმე შექმნილი მომენტი. ფეხებში უამრავი დარტყმა მიიღო, მაგრამ არ ჩერდება. მარჯვენა ფეხით ძლიერი დარტყმა, რომელიც ძელსაც ეხება, ქირურგიულია და ანგარიში 2:1 ხდება. მისთვის მნიშვნელოვანი იყო გოლის ისევ გატანა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 27 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა, სერია A-ში მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 23 დეკემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს. თუმცა იქამდე 19 დეკემბერს, იტალიის თასზე "ფროზინონეს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „აძურიმ“ სერია A-ში საკუთარ მოედანზე 27 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.

0.105809