რაგბი

17:11 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასის ფინალი თბილისში!

რაგბი ევროპის მესამე, 2023 წლის გათამაშების ფინალურ შეხვედრას 22 დეკემბერს თბილისი, „ავჭალის რაგბის სტადიონი“ უმასპინძლებს.

‘შავ ლომსა’ და ისრაელის ‘თელავივ ჰითს’ შორის გადამწყვეტი თამაში 17 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი მესამედ ტარდება და ფინალურ მატჩს თბილისი მეორედ მასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გათამაშებაში ‘შავ ლომს’ უკეთესი შედეგები ჰქონდა, ფინალი ლისაბონში დაინიშნა. ჩვენმა გუნდმა ადგილობრივ ‘ლუზიტანუშს’ 17:14 სძლია და ჩემპიონი გახდა.

მეორე გათამაშების ფინალს უკვე თბილისმა უმასპინძლა და ‘შავმა ლომმა’ ‘ჰითი’ შარშან 29:17 დაამარცხა.

წელს ეს გუნდები ზედიზედ მეორე ფინალს ითამაშებენ. ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც განსხვავებული სისტემით ჩატარდა, ორივე გუნდმა პირველი ორი შეხვედრა ბონუსით მოიგო – ესპანურ ‘იბერიანსთან’ და პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’.

ჯგუფის დასკვნით მატჩში, კვიპროსში, ლიმასოლში, ‘შავმა ლომმა’ პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ‘ჰითმა’ შესვენების შემდეგ შეძლო ჩამორჩენის შემცირება, თუმცა გამარჯვება ქართველებს დარჩათ – 29:27.

ნახევარფინალში ორივე გუნდმა უპრობლემოდ იმარჯვა. ‘შავმა ლომმა’ ‘იბერიანსი’ „ავჭალაზე“ 41:0 დაამარცხა. ‘ჰითი’ მეორე ჯგუფის გამარჯვებულ ‘ვულვზს’ რუმინეთში ეწვია და 31:6 სძლია.

სულხან ჩიხლაძე მესამე ადგილისთვის იმსაჯებს

სუპერ თასის ფინალამდე ‘შავი ლომი’ უელსში, ჰლანეჰლიში ადგილობრივ ‘სქარლეთს’ ჩელენჯ თასის მეორე ტურში ერკინება. შეხვედრა 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე იწყება.

მიმდინარე კვირის ბოლოს, 16 დეკემბერს გაიმართა რაგბი ევროპის სუპერ თასის სამი თამაში, სადაც მე-7 (‘ვორიორზი’ – ‘დელტა’), მე-5 (‘დევილზი’ – ‘ლუზიტანუში’) და მესამე (‘იბერიანსი’ – ‘ვულვზი’) ადგილები გათამაშდება.

რადგან ქართული გუნდი ყოველ წელს ფინალში თამაშობს, იქ ქართველი რეფერის დანიშვნა ვერ ხერხდება და შესაბამისად, ჩვენს ბრიგადებს ბრინჯაოს ფინალის მსაჯობა უწევთ.

ამჯერად ‘იბერიანსისა’ და ‘ვულვზის’ შეხვედრას, რომელსაც ამსტერდამი უმასპინძლებს, სულხან ჩიხლაძე განსჯის. მან 7-კაცა რაგბიში დიდი პროგრესი განიცადა და მსოფლიო სერიის ჩელენჯერში მიიწვიეს, პარალელურად კი 15-კაცა რაგბშიც წინ მიიწევს და მნიშვნელოვანი თამაშის განსჯა ანდეს.

სასიხარულოა, რომ ჩიხლაძე ამსტერდამში ერთადერთი ქართველი არ იქნება. მას კიდიდან პაპუნა ჭიქაბერიძე დაეხმარება, რომელიც პირველი ასისტენტია, მეორე ასისტენტი კი მოლდოველი ეუგენიო პროკოპი იქნება.

0.115768