ამსტერდამის „აიაქსმა“ ევროპა ლიგის ბოლო ტურში შინ ათენის „აეკი“ დაამარცხა, რისი წყალობითაც ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.
ნიდერლანდურმა გუნდმა მეტოქეს 3:1 აჯობა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 86-ე წუთზე გამოჩნდა, რაც მაინც აღსანიშნავია, რადგან ბოლო მატჩებში საერთოდ არ ათამაშებდნენ... „აიაქსმა“ 5 ქულა დააგროვა და ქულით აჯობა აეკ-ს, რის შედეგადაც კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს.
ევროპა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გადავიდა გრაცის „შტურმიც“, რომელმაც ლისაბონში „სპორტინგთან“ 0:3 წააგო, მაგრამ ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მესამე ევროტურნირზე გადაერთვება, სადაც 1/16-ფინალში ითამაშებს. „სპორტინგთან“ ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 74 წუთის განმავლობაში იყო.
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „სლოვანი“ შინ ლუბლიანას „ოლიმპიასთან“ 1:2 დამარცხდა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანმა“ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და თებერვალში 1/16-ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.