ლა ლიგაში „ჟირონა“ სასწაულებს ახდენს. კატალონიურ დერბიში მიჩელის გუნდმა სტუმრად უშუალო კონკურენტი „ბარსელონაც“ დაამარცხა!
„მონტჟუიკზე“ „ჟირონამ“ „ბარსას“ 4 გოლი გაუტანა და დამსახურებულად მოიგო. დოვბიკმა ანგარიში სწრაფად გახსნა, რასაც მალევე უპასუხა ლევანდოვსკიმ, მაგრამ ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს გუტიერესის გოლით.
მატჩის მიწურულს კიდევ სამი გოლი გავიდა. ჯერ ვალერიმ ორბურთიანი გახადა სხვაობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიუნდოგანმა შეამცირა სხვაობა, მაგრამ ორიოდ წუთში სტუანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:4.
ამრიგად, „ჟირონამ“ „ბარსელონას“ 7 ქულით გაასწრო! გარდა ამისა, ისარგებლა „რეალის“ წაფორხილებით და ლა ლიგას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, რადგან 41 ქულა აქვს, ხოლო მადრიდულ გუნდს - 39.
მართლაც წარმოუდგენელი სეზონი აქვს „ჟირონას“ – 16 მატჩი, 13 მოგება, 2 ფრე და ერთადერთი წაგება... კატალონელთა მომდევნო მეტოქე საკუთარ მოედანზე „ალავესი“ იქნება.
„ბარსელონა“ – „ჟირონა“ 2:4 (1:2)
გოლები: 0:1 დოვბიკი (12), 1:1 ლევანდოვსკი (19), 1:2 გუტიერესი (40), 1:3 ვალერი (80), 2:3 გიუნდოგანი (90), 2:4 სტუანი (90)