რაგბი

11:34 | 11.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მესხებმა ლიდერობა განიმტკიცეს

პირველი ლიგაში მეორე წრე დაიწყო. მე-10 ტურის შემდეგ პირველობის ლიდერმა ‘ტაომ’ 40 ქულა დააგროვა და მდევარ ‘გორს’ 4 ქულით მოწყდა. მესამე პოზიციაზე მყოფმა ‘დინოზავრმა’ შიდა ქართლელებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და თან იმერლებს მეტოქეებზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ‘არმიამ’ 30 ქულას მოუყარა თავი, მეოთხე ადგილი გაიმყარა და მე-5 პოზიციაზე მყოფ ‘ვეფხვებთან’ ცხრილში უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. სეზონში განცდილი მეხუთე მარცხის მიუხედავად, პლეი ოფის ზონაში, 20 ქულით მეექვსე პოზიციას ‘ლოკომოტივი’ ინარჩუნებს.

მარნეულის ‘არმაზმა’ აღებული ნუგეშით თანარეგიონელ თეთრი წყაროს ‘იუნკერებს’ 1 ქულით გადაასწრო და მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. თავის მხრივ გარისელები ცხრილის ბოლო საფეხურებზე მყოფ ‘მათესა’ და ‘ბაგრატს’ 4 ქულით უსწრებენ. საერთო ბურთების უარესი ბალანსის ქონის გამო, ბოლო მე-10 ადგილზე ‘ბაგრატი’ რჩება, თუმცა რიონისპირელებს ზემო იმერლებთან მიმართებაში 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ტურის გამორჩეული შეხვედრა დედაქალაქში, ვაზისუბნის სარაგბო არენაზე გაიმართა. პატარძეულის ‘ვეფხვები’ პირველობის ერთ-ერთი ლიდერ ‘გორთან’ მატჩის ნომინალური მასპინძელი გახლდათ. შეხვედრა მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინალით გამოირჩა. პირველ ტაიმში გუნდები უმეტესად ყურადღებას დაცვას უთმობდნენ. ფრთა ლევან ხუციშილის გატანილი ლელო გორელთა კაპიტანმა და მგეზავმა გიორგი ჭინჭარაულმა გარდასახა, რამაც შიდა ქართლელებს შესვენების წინ 7-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმის დებიუტი გარე კახელთა უპირატესობით აღინიშნა. გუნდის კაპიტან და მარბიელ ზაურ შაქარაშვილის გარდაუსახავ ლელოს, ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ გატანილი ჯარიმაც დაურთო და პატარძეული ანგარიშში პირველად დაწინაურდა. გორელთა მორიგ მიძალებას ბურჯ ცოტნე დარჩიას გატანილი ლელო მოჰყვა. ჭინჭარაულის ზუსტმა გარდასახვამ სტუმრებს 6-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. ‘ვეფხვები’ არ შედრკა და კვაჭ დათუნა ხიდაშელის გაურდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. გარე კახელთა აქტიურობას ბოლო წუთზე სტუმართა 22-მეტრიანთან კარის პირისპირ დანიშნული ჯარიმა მოჰყვა, რომლის გატანა მარქაფადან ჩართულ ჰავბეკ გიორგი ჯღამაიას არ გაჭირვებია. ‘ვეფხვებმა’ დრამატულ ბრძოლაში – 16:14 იმარჯვა და გორელები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა.

ასპინძაში, პირველობის ლიდერ ‘ტაოს’ ჭიათურის ‘მათემ’ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. მღლეტელ დავით მაჭარაშვილის გარდაუსახავი ლელოსა და მგეზავ ლუკა ზუხბაიას გატანილი წყვილი ჯარიმის წყალობით მესხები პირველი ტაიმის მიწურულამდე 11 ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. ‘მათე’ მედგრად იბრძოდა და ლელოს დადება ორივე ტაიმში მოახერხა. ზემო იმერელთაგან პირველ ნახევარში ლელო ჰავბეკმა ზურა ლაბაძემ გაიტანა, მეორე ტაიმში კი სტუმართა ფიჯელმა შუამარბმა ტობია მატავურამ მესხთა ჰავბეკ რეზი ბროძელის გატანილ ლელოს საპასუხო ლელო შეაგება, ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, რითაც შეხვედრის ხსნის შანსს ‘მათე’ ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა მასპინძელთა კვაჭ გივი მაწკეპლაძის დადებულმა ლელომ ზემო იმერლები სამატჩო ქულების გარეშე დატოვა – 23:12.

ლიდერთა სამეულში მყოფი ‘დინოზავრი’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ „ავჭალა არენაზე“ ესტუმრა და უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლა. პირველ ნახევარში ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა 13 უპასუხო ქულა აიღეს. გუნდის მარბიელი კაპიტნის ბადრი დანგაძის დადებული ლელო მგეზავმა დავით გობეჯიშვილმა გარდასახა, ვინაც შესვენებამდე მონაგარს წყვილი გატანილი ჯარიმაც შემატა.

მეორე ტაიმში იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ‘დინოზავრმა’ 4 ლელო გაიტანა, 34 სამატჩო ქულა აიღო და შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო. წყალტუბოელთა დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო წუთებზე დავით გობეჯიშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა. ქართული რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი, მეორე ტაიმში მარქაფადან ჩართული ფრთის თენგო მახათაძის დადებული ლელოთი დააღწია – 37:7.

„ავჭალა არენაზე“, ‘არმია’ თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ სრულ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, „არმიელები“ სისწრაფეზე მოქმედებდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ, ხაზსსაც მარტივად ჭრიდნენ და გარისელებს მთლიანობაში 8 უპასუხო ლელო დაუდეს. „არმიელთა“ წარმატებას სათავე შუამარბ სანდრო მესხიძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული კვაჭის გიორგი მექვაბიშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა. მექვაბიშვილი ერთადერთი მოთამაშე გამოდგა, ვინაც „დუბლის“ შესრულება მოახერხა – 53:0.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზსა’ და ქუთაისის ‘ბაგრატს’ შორის დიდი ბრძოლა გაიმართა. მარბიელ ლევან რატიანის გატანილი ლელოთი პირველი ტაიმის შუაწელს ‘ბაგრატმა’ ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა ფრთა საბა თეიმურაზიშვილისა და ჰავბეკ ლაშა ბარბაქაძის გარდასახული ლელოების წყალობით შესვენებაზე მასპინძლები 4 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ‘არმაზის’ შუამარბის და კაპიტნის ლევან ბრაგვაძის დადებულმა ლელომ ქვემო ქართლელთა უპირატესობა გაამყარა. აღსანიშნავია, რომ ‘არმაზის’ მგეზავმა ოთარ მეტრეველმა 3-ივე გარდასახვა გამოიყენა და 1 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. რიონისპირელები ბოლომდე იბრძოდნენ და ბოლო წუთზე ფრთა საბა ხელაძის გატანილი ლელოთი ნუგეშ-ქულას ქულას გამორჩნენ – 24:18.

RUGBY.GE

0.115414