რაგბი

20:59 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 30:32 არწივები

ოზურგეთის ‘არწივებმა’ დიდი 10-ის მე-11 ტურში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 32:30 სძლია და ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლიგის დებიუტანტმა ორივე შეხვედრა სტუმრად, თბილისში, ერთსა და იმავე სტადიონზე მოიპოვა. პირველ წრეში მან „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემიას’ 75:13 მოუგო.

ეს თამაშიც უხვქულიანი აღმოჩნდა. რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ საფინალო სასტვენმა გაარკვია. მატჩის დებიუტში გუნდებმა შეცდომები დაუშვეს და ამით შემტევებმა ისარგებლეს. გიგი გიგინეიშვილს ბრაზილიელმა რეფერიმ კაუა რიკარდუმ პირველსავე წუთზე გატანილი ლელო გაუუქმა, თუმცა ‘არწივები’ იქვე მორკინალებით მიეძალა და ზურაბ გოთაიძემ ანგარიში ლელოთი გახსნა. ბახვა კობახიძემ გარდასახა.

თამაში რომ განახლდა ‘ყოჩებმა’ ისარგებლა სტუმრების შეცდომით, თავად შევიდა მეტოქის 22-ში და სერგი ჩხაიძემ საპასუხო ლელო გაიტანა. ლაშა მალაღურაძემ წონასწორობა აღადგინა. პირველ დარტყმას კვლავ მიმღების შეცდომა მოყვა, ოზურგეთელებმა წითელ ზონაში შეუტიეს, კობახიძემ კარის წინ ბურთი მოკლეზე შეაცურა, მას მამუკა ჩანჩიბაძე დაეუფლა და ლელოში ჯაბულანი მკულვანის შეაყოლა. ტრავმირებული (სისხლი) კობახიძის ნაცვლად გარდასახვა პენიასი რანგატამ შეასრულა და ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანმა უმტყუნა.

ამის შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და მე-14 წუთზე მალაღურაძემ თავისი საფირმო არეკნი შეასრულა. 23-ე წუთზე მან ფეხით ბურთი მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა, სადაც აკრობატულ ნახტომში ნიკა ჩხიკვაძემ ითამაშა, ოვალი თამაშში დატოვა და ის ლელოში კოტე ნახუცრიშვილმა დაამიწა. მიუხედავად იმისა, რომ გურამ გოგიძის სინბინის გამო ‘ყოჩები’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, 30-ე წუთზე ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და 10-მეტრიანი მოლი ჯაბა ბრეგვაძის ლელოთი დასრულდა. გარდასახვები არაზუსტი იყო და ბოლნისელებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

ტაიმი მაინც სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. კობახიძემ ახლოდან ჯარიმა გაიტანა, ბოლო წუთზე მასპინძლებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, ის მამუკა ჩანჩიბაძემ აიტაცა 75-მეტრი მდევრის თანხლებით ირბინა. კობახიძემ გარდასახა და საკუთარი გუნდი 22:20 დააწინაურა.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მასპინძლებმა ლიდერობა დაიბრუნეს. მალაღურაძის ფეხით თამაშის შემდეგ ‘არწივები’ წნეხში მოექცა და რაქი საკუთარ ლელოში ჩამოაყალიბა, იქ კი თამაშგარის წესი არ მოქმედებს. სიტუაციაში ყველაზე სწრაფად მალაღურაძე გაერკვა და თავისივე ლელო გარდასახა. ტაიმის შუაში ბოლნისელთა ცენტრი რანი ფხალაძე ყვითელი ბარათით დაისაჯა, ოზურგეთელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ივანე გელაშვილმა ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, მარვინ ფრედერიქსმა კი სტუმრები გარდასახვით დააწინაურა.

დასკვნით წუთებში ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა. მალაღურაძის ჯარიმას ფრედერიქსმა 77-ე წუთზე უპასუხა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დებიუტანმა საქართველოს უძველესი კლუბი სტუმრად 32:30 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოზურგეთელთა ცენტრი მამუკა ჩანჩაბაძე გახდა.

ახალ წელს ‘ყოჩები’ 32 ქულით, მე-4 ადგილზე ხვდება. ‘არწივები’ 11 ქულით კვლავ ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა, თუმცა უკვე 11 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

RUGBY.GE

0.112621