ფეხბურთი

20:30 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ცუდი სერია შეწყვიტა, "ჩელსიმ" ისევ წააგო

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტუმრად „ლუთონთან“ უმძიმეს ბრძოლაში, მაგრამ მაინც მოიგო.

არადა, პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველმა გაუშვა, ტაიმი წააგო და 62-ე წუთამდე 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ მერე სამწუთიან ინტერვალში ბერნარდო სილვამ და ჯეკ გრილიშმა „ქალაქელებს“ მოაგებინეს. „სიტიმ“ 33 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „ლივერპულს“ კი 4 ქულით ჩამორჩება. „ლუთონი“ 9 ქულით გასავარდნ ზონაშია, მაგრამ ეს გუნდი შექებას იმსახურებს. „სიტისთან“ იბრძოლა, მანამდე „არსენალსაც“ ამარცხებდა წინა ტურში, თუმცა მაშინაც უქულოდ დარჩა.

ისევ წააგო ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც „ევერტონთან“ ვერაფერს გახდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უფერული იყო და ორი უპასუხო გოლი გაუშვა. „ევერტონი“ შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ორ ტურში „ნიუკასლს“ და „ჩელსის“ ისე მოუგო, გოლიც არ გაუშვია. მიუხედავად დაკლებული 10 ქულისა, შონ დაიჩის გუნდი 13 ქულით მე-17 ადგილზეა. რომ არა, -10 ქულა, „ევერტონი“ ახლა 23 ქულით მეათე ადგილზე იქნებოდა. "ჩელსი" კი 19 ქულით მხოლოდ მე-12 პოზიციაზეა.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ვესტ ჰემი“ მოულოდნელად „ფულჰემთან“ დამარცხდა. არა, ლონდონურ დერბიში „ჩაქუჩების“ მარცხი გასაკვირი კი არ არის, არამედ ანგარიში - 0:5. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან, მეცხრე-მეათე ადგილებს იკავებენ.

„ევერტონი“ – „ჩელსი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დუკურე (54), 2:0 დობინი (90)

„ლუთონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ადებაიო (45), 1:1 ბერნარდო სილვა (62), 1:2 გრილიში (65)

0.127346