რაგბი

13:45 | 10.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 17:23 აია

დიდი 10-ის მე-11 ტურის პირველ მატჩში, ‘აიამ’ ‘არესი’ ქუთაისურ დერბიში 23:17 დაამარცხა და ტურის დასრულებამდე სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

‘აია’ პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, ანგარიში დებიუტშივე გახსნა. გუჯა მახარეიშვილმა ცენტრში გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა ჯოსევანი ნდრავა და ლელომდე 35 მეტრი ირბინა. ‘არესმა’ საპასუხოდ ძალისმიერ სტილში შეუტია და ფორვარდების დარტყმების სერია ბექა ვარდანიძის ლელოთი დასრულდა. ცოტნე კვესელავამ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მე-14 წუთზე ‘აიამ’ ილია გაბისონიას ლელოთი ლიდერობა დაიბრუნა. მახარეიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და მე-18 წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა.

ამ ეპიზოდში რატუ პენი ტუმბუნა ყვითელი ბარათითაც დაისაჯა, მაგრამ ‘არესმა’ მეტოქეს ქულა აღარ ააღებინა და 38-ე წუთზე კვესელავას ჯარიმით ჩამორჩენაც შეამცირა – 10:17.

მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘არესი’ შერკინებაში დაჯარიმდა და მახარეიშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო. ‘არესს’ 3 წუთში შეეძლო ჯარიმის გატანა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო. შემდეგ ეპიზოდში მათ უკეთესი პოზიციიდან ლელოზე არჩიეს თამაში და უქულოდ დარჩნენ.

ასეთ ფონზე ნიკა ღლონტმა 71-ე წუთზე ჯარიმით ‘აიას’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 77-ე წუთზე გოგა კობახიძემ ‘არესის’ მოლი ლელოთი დაასრულა და კვესელავამაც გარდასახა. თამაში რომ განახლდა ‘აია’ შეცდა და ‘არესს’ მოლით გამარჯვების მოპოვების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ს გაბისონიამ სინბინის ხარჯზე მოლი ჩააქცია. ამჯერად შემტევმა შერკინება ირჩია, საიდანაც ბურთი გამოვარდა და ‘აიამ’ 23:17 იმარჯვა.

ეს ამ გუნდების ბოლო თამაში იყო 2023 წელს. ‘აია’ 39 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მის მდევრებს ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებიათ. ‘არესი’ 25 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა თუ ‘ხვამლი’ 1 ქულას მაინც აიღებს, მაშინ ქუთაისელები ახალ წელს მე-7 ადგილზე შეხვდებიან. ქუთაისური დერბის საუკეთესო მოთამაშე გიორგი სინაურიძე გახდა.

RUGBY.GE

0.120327