„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo Deportivo-ს ინტერვიუ მისცა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, 3-4 წელი კიდევ ითამაშებს, რადგან თავს კარგად გრძნობს.
ლევანდოვსკი მომავალში მწვრთნელობას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ ძალიან რთული საქმეა.
„ვიცი, რომ ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და ამიტომ, ყველა ჩვენგან არა მარტო გამარჯვებას, არამედ ბევრ გოლს ელოდება. სეზონის დასაწყისში ყველაფერი იდეალურად არ იყო. თუ მომენტებს ვერ შექმნი, რთულია გოლი გაიტანო. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ყველა მხარს მიჭერს, არა მხოლოდ კლუბის შიგნით, არამედ გარეთაც. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ.
კარიერის დასრულება? არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოვიგე ან რა გავაკეთე წარსულში. ჯერ კიდევ დიდი ვნება მაქვს ფეხბურთისადმი. ვფიქრობ, 3-4 წელი კიდევ შევძლებ თამაშს, რადგან ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მომავალში მწვრთნელობა? როდესაც ჩემს კარიერას ვუყურებ და მახსენდება ჩემი მწვრთნელები, ვფიქრობ, წარმოუდგენელია მწვრთნელი გავხდე. რთული იქნება ფეხბურთის გარეშე ცხოვრება, მაგრამ მწვრთნელობა ვიცი, რომ ძალიან რთული საქმეა“, - თქვა ლევანდოვსკიმ.