მცირე პაუზის შემდეგ განახლდა 3×3 საკალათბურთო აქტივობები, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტია. დღეს, ვერის საკალათბურთო სასახლეში დაიწყო ზამთრის თამაშები სახელწოდებით Wintercup2023, რომლის ქვედა ასაკობრივი ცენზი პირველ ტურნირზე 18 წელი იყო.
ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც სტანდარტულად – 4 ჯგუფში განაწილდა. პლეი ოფში თითოეული ჯგუფის გამარჯვებულმა გადაინაცვლა და ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ყიფშიძე” – Lets’s go და მუხბე – ალმედა.
ორივე ნახევარფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. Let’s go-მ ნიკა გურგენიძის, ნიკა ნინუას, ლუკა ცირეკიძის და საბა სირაძის შემადგენლობით დაძაბულ ბრძოლაში – 21:18 დაამარცხა “ყიფშიძე”. მეორე ნახევარფინალში ალმედა 12:16 დამარცხდა მუხბესთან, რომლის ღირსებასაც დათო დადუნაშვილი, ვაკა ბიჭაშვილი და ძმები – ბექა და ირაკლი ჯანხოთელები იცავდნენ.
ფინალური მატჩი კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რომელიც მუხბეს გამარჯვებით – 18:16 დასრულდა. ტურნირის ჩემპიონმა 700-ლარიანი ვაუჩერი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა – 500. პრიზიორები 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრებების მწვრთნელმა, დავით გასიტაშვილმა და ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.
GBF.GE