საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესის სფეროშია.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები კილიან მბაპეს შემცვლელს უკვე ეძებენ. ფრანგ ვარსკვლავს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
მბაპეს მემკვიდრეთა შორის ერთ-ერთი კვარაცხელიაც არის, რომლითაც სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან. გარდა ამისა, პსჟ-ში კარგად იციან, რომ ქართველის სანაცვლოდ „ნაპოლის“ საბანკო ანგარიშზე ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ბოლო დროს მას ლონდონის „ჩელსისაც“ უკავშირებენ.