რაგბი

17:44 | 5.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: „ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვსდგეთ“

‘შავი ლომი’ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ისტორიული თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 9 დეკემბერს, „მიხეილ მესხზე“ 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური გრანდის, ‘გლოსტერის’ წინააღმდეგ გამართავს.

პირველი ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრას 17 საათზე დაიწყებს.

გასულ შაბათს ‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ 41:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამე ტიტულს დეკემბერის ბოლოს შეუტევს, მანამდე კი ჩელენჯ თასზე ორ თამაშს გამართავს – 9 დეკემბერს ‘გლოსტერთან და 16 დეკემბერს უელსში ‘სკარლეტსთან’.

„მეტოქის თამაშის ანალიზი უკვე გავაკეთეთ და შესაბამისად ვემზადებით. ამ დონის გუნდთან ‘შავ ლომს’ ჯერ არ უთამაშია. მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია, მისი და სუპერ თასზე მონაწილე გუნდებს შორის, განსხვავება ცა და დედამიწაა. აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს და დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია ღირსეულად წარვსდგეთ. ამ ბიჭებისთვის ესაა შესაძლებლობა აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშონ სანაკრებო ვარსკვლავების წინააღმდეგ. და თუ ვინმესთვის რაგბი მნიშვნელოვანია, ის 9 დეკემბერს აუცილებლად უნდა მოვიდეს „მიხეილ მესხზე“ და უქომაგოს ‘შავ ლომს’. ‘შავი ლომი’ პროფესიულ კლუბად ყალიბდება, სულ სხვა ეტაპზე გადადის, სხვა ხარისხის თამაშები ელოდება და ეს არის გზა შემდგომი განვითარებისთვის“.

+4 გაფართოებულ რაზმში

‘გლოსტერთან’ თამაშის წინ ‘შავი ლომის’ გაფართოებულ შემადგენლობას 4 მოთამაშე დაემატა. ესენი არიან გელა მახარაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ალიკო შამილიშვილი და საბა კურტანიძე.

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება დიდი 10-ის შეხვედრებს და არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ გაფართოებულ რაზმში სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ.

„იმისათვის, რომ ხარისხიანი ვარჯიშები გვქონდეს, პერიოდულად ვიმატებთ მოთამაშეებს 20-წლამდელთა ნაკრებიდან. ეს მათთვისაც საინტერესო გამოცდილებაა და ჩვენთვისაც კარგია. დიდი 10-ის ყველა თამაშს ვაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში, გამორჩეული მოთამაშეები გაფართოებულ შემადგენლობაში შემოგვყავს. ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ყველას მოუწევს თამაში, მაგრამ ‘შავი ლომის’ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უკვე დიდი აღიარებაა“ – აღნიშნავს მაისაშვილი.

მიზანი – გამოცდილება და…

გამოცდილების მიღების პარალელურად, ჩელენჯ თასის პირველ სეზონში ‘შავი ლომი’ ყველა თამაშში მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება, თუმცა გუნდში ყველას კარგად ესმის, ამ ეტაპზე მაღალი მიზნების დასახვა არარეალური იქნება.

„ამ ოთხიდან რომელიმე თამაშის მოგება ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა ვეცდებით მაქსიმალურად ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და უძლიერეს მეტოქეებთან ძალები მოვსინჯოთ. აქ გამოჩნდება რამდენად ვართ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩელენჯ თასზე სტაბილურად მონაწილეობის შემთხვევაში, სამომავლოდ ჯგუფიდან გასვლაც რეალისტური იქნება. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთული იქნება. ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ რას ეყოფა ეს მაქსიმუმი“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი.

RUGBY.GE

0.133741