კალათბურთი

23:06 | 4.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

22-წლამდელთა ჩემპიონატში ოვერტაიმი, სპორტუნი და ქუთაისი ისევ დაუმარცხებლები არიან

3-4 დეკემბერს რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში 22-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართა. ტურნირში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც A და B ჯგუფებში არიან განაწილებულნი და რეგულარული ჩემპიონატი ნელ-ნელა ძალას იკრებს. 22-წლამდელთა ჩემპიონატის სამმა დაუმარცხებელმა გუნდმა თავისი თამაშები მოიგო და წარმატებული სერია გააგრძელა.

A ჯგუფში 2 დაუმარცხებელი გუნდია – ქუთაისი და ოვერტაიმი. ამ უკანასკნელმა დღეს თბილისი არენაზე ჰიუნდაის უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მთელი თამაში კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ოვერტაიმი ძირითადად წინ იყო, მაგრამ მცირე სხვაობით, ჰიუნდაის კი ძალები არ ეყო ბოლო წუთებზე გამარჯვება მოეპოვებინა.

გამარჯვებულებს ნიკოლოზ გულიაშვილმა 23 ქულითა და 11 მოხსნით ულიდერა. ჰიუნდაიში კი 16 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო გიორგი მესხი იყო.

ამ მოგებით ოვერტაიმმა მე-4 გამარჯვება მოიპოვა და A ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს, სადაც მეორე ადგილზე ქუთაისი აღზევდა, რომელმაც დღეს, საკუთარ ქალაქში კიდევ ერთი ძლიერი გუნდი – თსსუ დაამარცხა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ბოლო პერიოდამდე უძალიანდებოდა მასპინძელ ქუთაისს, თუმცა დასკვნითი ათწუთეული 19:28 წააგო და საბოლოოდ მატჩით დათმო – 83:95 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს 29 ქულითა და 14 მოხსნით გიორგი სულაბერიძემ ულიდერა. 23 ქულა გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა, ხოლო 11 ქულა და 13 მოხსნა ანგარიშზე გიორგი ჭეიშვილმა ჩაიწერა. თსსუ-შუ 25 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ლურსმანაშვილი, ხოლო ლევან აფციაურმა თამაში 20 ქულით დაასრულა.

A ჯგუფის ლიდერმა სპორტუნიმ ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულის სხვაობით – 87:67 (სტატისტიკა) სოხუმის “კოლხას” სძლია. პირველი ნახევრის 31:43 წაგების შემდეგ კოლხამ კახა დავითულიანის ლიდერობით მოახერხა ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება, თუმცა სპორტის უნივერსიტეტელებმა გიორგი ობგაიძის ლიდერობით მანამდელი პოზიციები დაიბრუნეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონენ, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმყარეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

სპორტუნის ლიდერმა ობგაიძემ 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 17 ქულა და 13 მოხსნა გიორგი კოსტავას ანგარიშზეა. კოლხაში 33 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო კახა დავითულიანი.

ახალშექმნილმა გუნდმა – “სოხუმი საქართველომ” “თბილისი ბასკეტთან” 10 -ქულიანი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა თამაშის მანძილზე 31 ქულით იგებდა. ვასილ ჩქარეულმა ბოლო პერიოდში სათადარიგოები შეუშვა მოედანზე და თბილისი ბასკეტის კალათბურთელებმაც ჩამორჩენის შემცირება შეძლეს. საბოლოოდ სოხუმი-საქართველომ 89:79 (სტატისტიკა) მოიგო ცხრილში დადებით ბალანსი შეიქმნა – 2 მოგება, 1 მარცხი. გამარჯვებულთაგან 27-27 ქულით საბა კალმახელიძე და ნიკა ჯანყარაშვილი გამოირჩნენ. თბილისი ბასკეტში 20 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო თედო ბასილაშვილი.

დაბოლოს, რუსთავში გამართული მატჩი, რომელიც გუშინ, 3 დეკემბერს ჩატარდა. გიგი გოგობერიშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ბათუმის ბასკო 2-ს უმასპინძლეს და 78:61 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. მასპინძლები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, მთელი თამაში ლიდერობდნენ. ბათუმურ გუნდს წარმატების შანსი არ მისცემია.

რუსთაველთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო დავით ლორია. 13 ქულა დავით გოგოლაძემ მოაგროვა. ბათუმის გუნდში 2 ორმაგი დუბლი დაფიქსირდა: გიორგი კობახიძემ 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, გეგა იზორიამ 13 ქულა და 10 მოხსნა.

RUGBY.GE

0.118619