რაგბი

17:58 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 15:6 ყაზბეგი

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის მეორე წრის პირველ მატჩში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 15:6 დაამარცხა და მინიმუმ ორი დღით სატურნირო ცხრილის თავში დაბრუნდა.

‘აიას’ 35 ქულა აქვს და ერთით უსწრებს ‘ლელოს’, რომელიც მე-10 ტურის თამაშს დღეს „ლელო არენაზე“ „ხვამლთან“ გამართავს. ‘ყაზბეგს’ 20 ქულა დარჩა და მე-7 პოზიციაზეა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და არაერთი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ ხან შეცდომების და ხანაც სტუმრების თავგანწირული დაცვის გამო, მათი უმეტესობა გამოუყენებელი დარჩა. ქუთაისელებს ბონუს-ქულის მოპოვება სურდათ, პირველ ტაიმში ჯარიმები კარში არ ურტყეს და ‘ყაზბეგი’ მატჩის ბოლომდე თამაშში დარჩა.

ანგარიში მე-18 წუთზე საბა ხონელიძემ გახსნა, როდესაც მარჯვენა ფრთაზე, 22-იანთან გაჭრა ხაზი და ლელომდე ირბინა. ნიკა ღლონტმა გარდასახა. ‘აია’ კიდევ რამდენჯერმე შევიდა წითელ ზოლში, თუმცა სტეფანწმინდელებმა თავის დაცვა შეძლეს, ტაიმის დასკვნით 10 წუთში ორჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, ოთარ ტალახაძემ 55 და 45 მეტრიდან დარტყმები ზუსტად შეასრულა და ტაიმი 7:6 დასრულდა.

49-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. მათ შეტევა საკუთარი 22-იდან დაიწყეს, მასში პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ბურთი მარჯვენა ალამთან გიორგი ნიკოლაძემ დაამიწა. რადგან უპირატესობის ქულაში ასახვა ვერ ხერხდებოდა, 71-ე წუთზე გუგა მახარეიშვილმა ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და ‘აიას’ 3 ქულა შესძინა. ბოლოს მასპინძლები ნიკა ღლონტის წითელი ბარათის გამო მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ ‘ყაზბეგმა’ ამით ვერ ისარგებლა და უქულოდ დარჩა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ქიმუცაძე გახდა.

RUGBY.GE

0.120535