ძიუდო

13:43 | 3.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ტოკიოს გრანდ სლემზე

ტოკიოს გრანდ სლემის მეორე და ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა.

60 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ცოტა დააკლდა ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელმაც უკრაინელი არტიომ ლესიუკის შემდეგ სუკპაქსაი სიტისანე და სედრიკ რევოლი დაამარცხა. მეოთხედფინალში რიუჯუ ნაგაიამასთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ლუხუმმა იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან დათმო.

ამავე წონაში უმედლოდ დარჩა გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც პირველი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მერე წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

66 კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი გამოვიდნენ წარუმატებლად, რომლებმაც ფინალურ ბლოკამდეც ვერ მიაღწიეს.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და გიორგი ბერიაშვილი პირველივე წრეში დამარცხდნენ, შედეგად უმედლოდ დარჩნენ.

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა მაროკოელი მოჰამედ ლაჰბუბი, კუბელი ენდი გრანადა და იაპონელი იო ფუჯიმოტო დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ტამერლან ბაშაევთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ინალ ტასოევთან დამარცხდა და კვარცხლბეკზე ვერ ავიდა.

ამავე წონაში გამოდიოდა შალვა გურეშიძე, მაგრამ ასპარეზობა მესამე წრეში დაასრულა.

დღესვე ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა ეთერ ასკილაშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან მარცხი განიცადა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს გრანდ სლემი ორი მედლით დაასრულა. ლუკა მაისურაძემ ვერცხლი, გიორგი ტერაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა.

0.142584