ფეხბურთი

16:05 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" კონფერენს ლიგაზე გავიდა, "შუქურამ" ისევ 0:9 წააგო, მუსელიანმა 7 გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ბოლო ტურის ოთხი მატჩი გაიმართა, რომელმაც მესამე ადგილის ბედი და შესაბამისად, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა გაარკვია.

ქუთაისის „ტორპედომ“ მიზანს მიაღწია და ჩემპიონ „დინამო ბათუმთან“ სასურველი ქულა მოიპოვა. მასპინძლები ნიკა სანდოხაძის ავტოგოლით და მამუკა კობახიძის გოლით მალევე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ „ტორპედომ“ გიორგი არაბიძისა და ლაშა შერგელაშვილის გოლებით სასურველ შედეგს მიაღწია.

პარალელურად „დილა“ „თელავთან“ აგებდა, მაგრამ მერე სამი გოლი გაიტანა და 3:1 გაიმარჯვა. თუმცა, გორელებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, „ტორპედომ“ და „დილამ“ 60-60 ქულით დაასრულეს სეზონი, მაგრამ იმერლებმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო მესამე ადგილი დაიკავეს, შესაბამისად, კონფერენს ლიგაზე გავიდნენ. „დილაც“ არ არის უშანსოდ, რადგან საქართველოს თასის ფინალში „დინამო ბათუმი“ „საბურთალოს“ თუ მოუგებს, „დილაც“ გავა კონფერენს ლიგაზე, ხოლო „საბურთალოს“ შანსი თასის მოგებაშია.

ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა „გაგრამ“, რომელმაც „შუქურას“ სტუმრად 9:0 მოუგო. „შუქურამ“ ზედიზედ მესამედ წააგო იდენტური ანგარიშით - 0:9 („სამტრედიასთან“, „ტორპედოსთან“ და „გაგრასთან“). ამ მატჩში 7 გოლი გაიტანა ზურაბ მუსელიანმა... „გაგრამ“ 38 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ქულით გაასწრო „თელავს“, რომელიც დამარცხდა და მერვე პოზიცია დაიკავა, შესაბამისად, გადარჩენისთვის ბრძოლა პლეი-აუტში ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „სპაერს“ შეხვდება.

მეცხრე ადგილზე გავიდა „სამტრედია“, რომელიც „სამგურალს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ 2:3 წააგო და პლეი-აუტში „გარეჯის“ წინააღმდეგ ითამაშებს. თავის მხრივ, „სამგურალმა“ 57 ქულით მეხუთე პოზიცია დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატი „საბურთალოს“ და „დინამო თბილისის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც სტუმრებმა 3:0 მოიგეს. გოლი გაიტანა ზორან მარუშიჩმა, შედეგად, ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 17-17 გოლით სამი ფეხბურთელი გახდა: ჯოვინო, მარუშიჩი და მუსელიანი. ამ უკანასკნელმა "შუქურასთან" ბოლო ტურში 7 გოლით შეძლო ლიდერებისთვის დაწევა.

ამრიგად, "დინამო ბათუმი" საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. კონფერენს ლიგაზე გამოვლენ "დინამო თბილისი", "ტორპედო" და "დილა" ან "საბურთალო". დაქვეითდა "საბურთალო", აღზევდა ფოთის "კოლხეთი", ხოლო "სამტრედია" - "გარეჯი" და "სპაერი" - "თელავი" პლეი-ოფში ითამაშებენ.

„შუქურა“ – „გაგრა“ 0:9 (0:5)

გოლები: 0:1 მუსელიანი (4), 0:2 მუსელიანი (11), 0:3 მუსელიანი (17), 0:4 მუსელიანი (19), 0:5 მუსელიანი (44), 0:6 მუსელიანი (52, პენ), 0:7 ხომუტოვი (65), 0:8 მუსელიანი (84), 0:9 აროშიძე (88)

„დილა“ – „თელავი“ 3:1 (0:0)

გოლები: 0:1 აშორტია (49), 1:1 კოვტალიუკი (63), 2:1 სარდალიშვილი (71), 3:1 მზვაკალი (87)

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 სანდოხაძე (6, ა.გ), 2:0 კობახიძე (16), 2:1 არაბიძე (19), 2:2 შერგელაშვილი (64)

„სამტრედია“ – „სამგურალი“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 ახვლედიანი (10), 2:0 ახვლედიანი (39), 2:1 ლომინაძე (45), 2:2 ლომინაძე (54), 2:3 გომესი (68)

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 სხირტლაძე (53), 0:2 მარუშიჩი (66), 0:3 უგრეხელიძე (90)

1. დინამო ბათუმი 36 21 11 4 83 41 42 74
2. დინამო თბილისი 36 21 8 7 93 49 44 71
3. ტორპედო 36 16 12 8 55 37 18 60
4. დილა 36 17 9 10 56 39 17 60
5. სამგურალი 36 16 9 11 53 51 2 57
6. საბურთალო 36 14 9 13 58 49 9 51
7. გაგრა 36 10 8 18 47 65 -18 38
8. თელავი 36 10 7 19 34 62 -28 37
9. სამტრდია 36 9 6 21 50 62 -12 33
10. შუქურა 36 4 5 27 38 112 -74 11

*შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა

ბომბარდირები

1-3. ჯოვინო (დინამო ბათუმი) – 17 გოლი

1-3. ზურაბ მუსელიანი (გაგრა) – 17

1-3. ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი) – 17

4. უსმანე კამარა (დინამო თბილისი) – 14

5-6. გიორგი არაბიძე (ტორპედო) – 13

5-6. ულად ომარ-იმარნი (დინამო თბილისი) - 13

0.123206